აპრილის დასაწყისში Mercedes-მა ოთხცილინდრიანი SL 43 წარმოადგინა, ორადგილიანი მდიდრული როდსტერი ელექტრო ტურბოკომპრესორით. ამჯერად, იგივე ტექნოლოგიით აღჭურვა 2023 წლის Mercedes-AMG C43 4Matic-ი და ვაგონიც.
ორივე მანქანა ნომერ M139l-ს იყენებს, 2.0-ლიტრიან ოთხცილინდრიანი ერთრიგა ძრავას 48 V ელექტროაპარატურით, რამაც AMG-ს ინჟინრებს იმავე ელექტრო ტურბოკომპრესორის ტექნოლოგიის ადაპტირების საშუალება მისცა, რომელსაც კომპანიის F1 გუნდი ამჟამად იყენებს სარბოლო მანქანებში. 48 V აპარატული უზრუნველყოფა ასევე ნიშნავს მაილდ-ჰიბრიდის დახმარებას, რაც სტარტერ გენერატორთან ერთად მოკლე პერიოდებით უზრუნველყოფს დამატებით 14 ცხენის ძალას.
მაშინ, როცა SL-ის გაზის ძრავა 376 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, C 43 იმავე სიჩქარეზე 402 ცხენის ძალას ავითარებს.
ორივე მანქანა ენერგიას 9-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით ანაწილებს, რომელსაც ჰიდროტრანსფორმატორის ნაცვლად სველი გადაბმულობა აქვს. როგორც სახელიც მიუთითებს, C 43 4Matic-ს ოთხივე წამყვანი თვალი აქვს და შედეგად, 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 4,6 წამში ავითარებს, სამი წამით უფრო სწრაფად, ვიდრე SL 43.
C 43-ს აქვს AMG-ს საფირმო Panamericana ცხაურა, უფრო აგრესიული ბამპერი, ვიდრე ჩვეულებრივ C-Class მოდელებს, ქრომირებული ელემენტებითა და დიფუზორის მსგავსი უკანა ბამპერის საშხეფარით, გამოსაბოლქვი მილების ორი წყვილით.
სალონში ნახავთ AMG სავარძლებს Artico-ს ხელოვნური ტყავითა და მიკრობოჭკოთი. ბრტყელძირა საჭეს აქვს AMG Dynamic Select მართვის რეჟიმის საკონტროლებელი ღილაკები. MBUX საინფორმაციო სისტემას აქვს AMG-ს ფუნქციები, მათ შორის AMG Track Pace სისტემა, რომელიც არა მხოლოდ წრეების დროს ზომავს, არამედ სიჩქარეს, აჩქარებას, საჭით მართვის კუთხეს და მუხრუჭის სატერფულის აქტიურობას.
C 43 სედანისა და ვაგონის ფასს შემოდგომაზე გავიგებთ, როცა ის ბაზარზე გავა, მაგრამ სავარაუდოდ, ღირებულება 55,000 დოლარიდან დაიწყება.