Toyota Highlander-ი აშშ-ში ზედიზედ ექვსი წლის განმავლობაში იყო საუკეთესოდ გაყიდვადი საშუალო ზომის ქროსოვერი. 2023 წლისთვის მოდელმა მნიშვნელოვანი განახლებები მიიღო.
ყველაზე დიდი განახლება კაპოტს ქვეშ მოხდა, სადაც 3.5-ლიტრიანი V6 ძრავა ახალმა ტურბოჩაბერვიანმა 2.4-ლიტრიანმა ოთხცილინდრიანმა ძრავამ ჩაანაცვლა. ის 265 ცხენის ძალას და 418 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს, ანუ წინა მოდელზე 30 ცხენის ძალით ნაკლებს, მაგრამ 62 ნიუტონ-მეტრით მეტს.
უცნაურია, მაგრამ იგივე დარჩება საწვავის მოხმარება. თუმცა, როგორც Toyota აღნიშნავს, ოთხცილინდრიანი ძრავა უფრო ეკომეგობრულია და გარემოში ნაკლებ მავნე აირებს გამოყოფს, ვიდრე V6 ძრავა.
გარემოზე უფრო მზრუნველი მომხმარებლები ალბათ Highlander ჰიბრიდს შეიძენენ. მას 2,5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა და ორი ელექტროძრავა აქვს; შედეგად, ქროსოვერს ჯამში 243 ცხენის ძალა აქვს.
ნაცნობი, მაგრამ ტექნოლოგიურად უფრო დახვეწილი ინტერიერი
Limited და Platinum კომპლექტაციების სალონში ნახავთ 12,3-ინჩიან ციფრულ მაჩვენებელთა დაფას, რომელმაც წინა ანალოგური დაფა და 7-ინჩიანი დისპლეი ჩაანაცვლა. Toyota მის შესახებ ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ ციფრული დაფა მომხმარებელს მეტ პერსონალიზაციას სთავაზობს, რადგან იქ დახვდება სამი რეჟიმი — Casual, Smart, Tough და Sporty.
მაღალო დონის კომპლექტაციებს ასევე 12.3-ინჩიანი საინფორმაციო სისტემა აქვს და არჩევის ფორმით ასევე ხელმისაწვდომი იქნება საშუალო კლასის XLE და XSE კომპლექტაციებში, რომლებსაც სტანდარტის სახით 8-ინჩიანი დისპლეი აქვთ. საწყისი დონის L და LE კომპლექტაციები აღჭურვილია 4,2-ინჩიანი მულტი საინფორმაციო დისპლეით.
2023 წლის Highlander-ები აღჭურვილია Toyota Audio Multimedia სისტემით, რომლის დებიუტიც 2022 წლის Tundra-ში შედგა. გვთავაზობს ღრუბლოვან სერვისზე დაფუძნებულ ნავიგაციას, განახლებებს და ჭკვიან დამხმარეს, რომელიც აქტიურდება სიტყვებზე “Hey Toyota”. საინფორმაციო სისტემას აქვს Apple CarPlay და Android Auto მხარდაჭერაც, ასევე ინტეგრირებულია Apple Music და Amazon Music სტრიმინგი.
დანარჩენი ცვლილებები მცირეა, მაგრამ Limited და Platinum კომპლექტაციებს აქვს დაკეცვადი ელექტრო გვერდითა სარკეები, XLE და XSE კომპლექტაციას კი საბარგულის ელექტრო კარი. რაც უფრო მნიშვნელოვანია — სმარტფონის უსადენო დამტენი კონსოლის ცენტრში დამალული აღარ არის და ინსტრუმენტთა პანელზე გადაინაცვლა.
2023 წლის Toyota Highlander-ი აშშ-ის სადილერო პუნქტებში წლის ბოლოს გამოჩნდება და მეტ დეტალსაც მაშინ შევიტყობთ.