Volkswagen-ი წელს 800 000 ელექტრომანქანის გამოშვებას აპირებს, რის შემდეგაც, მისი მიზანია Tesla-ს მსოფლიოში უდიდეს ელექტრომობილთა მწარმოებლის სტატუსი ჩამოართვას.
Reuters-თან საუბრისას, VW-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა ჰილდეგარდ ვორტმანმა აღნიშნა, რომ 2023 წელს გერმანული ავტომწარმოებელი 1,3 მილიონი ელექტრომანქანის გამოშვებას გეგმავს, რითაც წინ წაიწევს მიზნისკენ, რომ 2030 წლისთვის მისი წარმოების 50 პროცენტს სწორედ ელექტრომობილები შეადგენდეს.
თუ VW-წელს მართლაც მოახერხა 800 000 ელექტრომანქანის გამოშვება, წარმოების თვალსაზრისით ის მეორე ადგილზე აღმოჩნდება Tesla-ს შემდეგ. Tesla-მ წელს უკვე გამოუშვა 930 422 მანქანა, 936 172 კი გაყიდა. მასკის კომპანიან 2022 წლის პირველ სამ თვეში 305 000-ზე მეტი ელექტრომანქანა აწარმოვა, 310 000 კი პატრონს ჩააბარა. ილონ მასკის განცხადებით, მისი კომპანია წელს 1,5 მილიონ ელექტრომობილს გამოუშვებს.
მაისის დასაწყისში, Volkswagen-ის ხელმძღვანელმა ჰერბერტ დისმა განაცხადა, რომ 2025 წლისთვის Tesla-ს უკან მოტოვება ადვილი არ იქნება, მაგრამ მათი მიზანი სწორედ ამის გაკეთებაა.
დისის აზრით, VW-ს Tesla-სთვის გადასწრება შეუძლია თავის უფრო დიდი საწარმოო საშუალებათა გამო, როგორც საწყისი დონის, ისე მდიდრულ/პრემიუმ ბრენდებში. ამ მიზნის მისაღწევად, Volkswagen-მა ცოტა ხნის წინ 7,1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო ჩრდილოეთ ამერიკაში ელექტრომანქანების წარმოებაში და აღნიშნა, რომ 2030 წლამდე 25 ახალ ელექტრომოდელს შესთავაზებს მყიდველებს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში.