მარტის შუა რიცხვებში, Audi-მ საოცარი A6 e-tron Concept-ი და A6 e-tron Avant Concept-ი წარმოადგინა. როგორც Autotrader-ის ახალ ვიდეოში ნახავთ, ეს უკანასკნელი შეიძლება ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გარეგნობის ელექტრომანქანა გახდეს.

Audi-მ უკვე დაადასტურა, რომ A6 e-tron Avant Concept-ი საწარმოო მოდელად გარდაიქმნება, რომელსაც ბაზარზე 2024 წელს ვიხილავთ. ის შეიძლება RS6 Avant-ის სრულყოფილი, სრულად ელექტრო ალტერნატივა გახდეს და ბაზარზე შემსვლელ ყველა SUV-სა და სედანს შორის გამორჩეული ადგილი დაიკავოს.

ორი საოცარი ფარისა და Audi-ს საფირმო ერთჩარჩოიანი ცხაურის წყალობით, კონცეპტის წინა ნაწილი მყისიერად მოგჭრით თვალს. ცხაურა მთლიანად გლუვია და შიგაწვის გაციებისათვის საჭირო ჰაერის მიმწოდებელი ხვრელების ნაცვლად, აქვს ათობით გამოკვეთილი ჩაღრმავება და განათებული Audi-ს ემბლემა.

რამდენად დიდებულიც არის Audi A6 e-tron Avant Concept-ის წინა ნაწილი, კიდევ უფრო ამაღელვებელია გვერდები და უკანა ნაწილი. ტრადიციული გვერდითა სარკეების ნაცვლად აქვს ვიწრო კამერები. პრიალა დიზაინს კიდევ უფრო გამოკვეთს კარის სახელურების არარსებობა.

უკანა ნაწილი უბრალოდ გასაოცარია. იქ ნახავთ სრულ სიგრძეზე გაყოლებულ განათების ბარს და ათობით ცალკეულ OLED-ს, ასევე დიდებულ სპოილერს, რომელიც ვიზუალურად კარგად ჯდება მინის სახურავსა და უკანა ფანჯარასთან.

ორივე A6 e-tron Concept-ი ეფუძნება Premium Platform Electric (PPE) პლატფორმას, რომელიც Audi-მ Porsche-სთან ერთად შექმნა. პლატფორმა განკუთვნილია როგორც ჩვეულებრივი სამგზავრო მანქანის, ისე SUV-ებისთვის და პირველად მას Q6 e-tron-ში გამოიყენებენ, რომელიც 2023 წელს გამოვა.