ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Mercedes-მა ჰიპერქარი AMG One წარმოადგინა და ამჯერად, საწარმოო ვერსიის დროც ბოლოსდაბოლოს დადგა. საუცხოო იერი და აეროდინამიკა დიდწილად უცვლელად არის გადმოსული კონცეპტიდან საწარმოო მოდელში, სპეციფიკაციები კი მართლაც გამაოგნებელია.

AMG One წარმოადგენს Mercedes-ის მცდელობას, რომ ფორმულა ერთის მანანა გზაზე გადმოიტანოს. მიუხედავად იმისა, რომ F1-ის მანქანას არ ჰგავს, იყენებს ტრანსმისიას, რომელსაც ამ კომპანიის F1 მანქანებში ნახავთ. ეს გახლავთ შუაში ჩამონტაჟებული მაღალი ბრუნის ტურბო V-6 ძრავას და ელექტროძრავას, რომლებიც ენერგიას უკანა თვლებს 7-სიჩქარიანი მიმდევრობითი გადაცემათა კოლოფით უგზავნის. ის, რითაც AMG One განსხვავდება, არის წინა ღერძი. იქ განთავსებულია ორი 120-kW ელექტროძრავა, თოთო ბორბლისთვის ენერგიის მისაწოდებლად.

1.6-ლიტრიანი ძრავა მაქსიმუმ 574 ცხენის ძალას 9000 rpm-ზე გამოუმუშავებს, ბრუნვის მაქსიმუმი კი 11 000-ია. ძრავაზე მიმაგრებული ელექტროძრავა, რომელსაც MGU-K ეწოდება, ცალკე 163 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. წინა მხარეს დამონტაჟებული ორი ელექტროძრავა ჯამში 326 ცხენის ძალას აწარმოებს. ჯამში, მაქსიმალური სიმძლავრე 1063 ცხენის ძალაა. Mercedes-ის განცხადებით, მანქანა 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 2,9 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ია.

ნახშირბადის ბოჭკოს ძარასა და მონოკოკს თან ახლავს მრავალბერკეტიანი საკიდარი და ადაპტური ამორტიზატორები. ასევე აქვს ნახშირბად-კერამიკის მუხრუჭები და ცხრა-მანიანი მაგნიუმით გამოჭედილი დისკები, რომლებსაც სპეციალურად AMG One-ისთვის შექმნილი Michelin Pilot Sport Cup 2R საბურავები ამშვენებს.

ძარის გასწვრივ მრავლად ნახავთ აქტიურ აეროდინამიკურ ელემენტებს. სარბოლო რეჟიმშიც კი, მანქანას აქვს DRS (წევის შემცირების სისტემა) ფუნქცია, რაც მიმჭერ ძალას 20 პროცენტით ამცირებს.

სალონში მხოლოდ ორი ადამიანის ადგილია. სკამების ძირი ფიქსირებულია, მაგრამ მორგებადია პედალის ბოქსი, ისე, რომ მძღოლს მაინც შეუძლია ჯდომის საუკეთესო პოზიციის მორგება. მძღოლს ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის ორი 10-ინჩიანი დისპლეი. ფორმულა ერთის სტილის საჭეში ინტეგრირებულია უსაფრთხოების ბალიში.

უცნობია, როდის დაიწყება AMG One-ის გაყიდვები, მაგრამ დადასტურებულია, რომ წარმოება 2022 წელს დაიწყება.

ხუთწლიანი ლოდინი მგონი ნამდვილად ღირდა…