მესამე მხარის საინფორმაციო-გასართობი სისტემების ომი აქტიურად გაჩაღდა და Apple-მაც არ დააყოვნა —უპასუხა Google-ის ცოტა ხნის წინანდელ ანონსს Android Auto-ს გაუმჯობესების შესახებ. ტექნოლოგიური კომპანიის საინფორმაციო-გასართობი სისტემა CarPlay გაუმჯობესდება, რათა უფრო მეტი ეკრანი მოიცვას.

კომპანიამ ამის შესახებ Apple-ის მსოფლიო დეველოპერთა კონფერენციაზე განაცხადა. Android Auto-ს მსგავსად, მისი ახალი სისტემაც ისე იქნება ოპტიმიზებული, რომ იყოს უფრო მეტად ფუნქციონალური და უკეთესად მოერგოს ბევრ ეკრანს, როგორც პორტრეტულ, ისე ლანდშაფტურ რეჟიმში.

ამას გარდა, Apple-მა განაცხადა, რომ მის სისტემას შეეძლება კავშირი მანქანის უფრო მეტ შიდა სისტემასთან და საჭის წინ არსებულ ინსტრუმენტთა ეკრანების მოცვა, რომლებიც სულ უფრო გავრცელებული ხდება საავტომობილო სამყაროში.

ამ განახლებათა შედეგად, CarPlay-ის უფრო მეტი რამ შეეძლება, ვიდრე უბრალოდ სანავიგაციო მოვალეობები. მომხმარებელს შეეძლება მანქანის მთავარი ეკრანის გარეშე აკონტროლოს A/C და რადიო.

Apple -ის განცხადებით, iPhone-ს შეეძლება კომუნიკაციის დამყარება თქვენი მანქანის რეალური დროის სისტემების მოწყობილობებთან, პერსონალური, მეგობრული გზით. ამის საშუალებით, მას შეეძლება ინსტრუმენტთა ეკრანზე გიჩვენოთ სიჩქარე, RPM, საწვავის დონე, ტემპერატურა და ა. შ.

გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ფორმის ეკრანებზე იქნება ადაპტირებული, CarPlay მორგებადიც იქნება. ეს მძღოლებს საშუალებას მისცემს აირჩიონ სტანდარტული ან უფრო თანამედროვე საინფორმაციო ჩვენება.

ტექნოლოგიური კომპანიის განცხადებით, ეს ჯერ მხოლოდ ერთგვარი შესავალია იმისა, რის მოტანასაც ის ბაზარზე შემდეგი თაობის CarPlay-ს საშუალებით ელოდება. აღნიშნული სისტემა მანქანებზე ხელმისაწვდომი შემდეგი წლის ბოლოსკენ გახდება.