Stellantis-ი მანქანის მართვის მომავალზე მუშაობას თავის Arena del Futuro-ზე აგრძელებს — ექსპერიმენტულ გზაზე, სადაც ინდუქციურ, ანუ უსადენო დამუხტვას ტესტავს. ავტომწარმოებელი იუწყება, რომ მიაღწია ეფექტიანობის იმ მაჩვენებელს, რაც სწრაფი დამუხტვის სადგურებს აქვს.

Stellantis-ის განცხადებით, მოახერხეს, რომ ელექტრო Fiat 500-ს გზატკეცილის სიჩქარით ევლო ბატარეებში შენახული ენერგიის ყოველგვარი გამოყენების გარეშე. მაგნიტური ველების სიძლიერის ტესტირებამ ასევე დაამტკიცა, რომ ეს ყველაფერი მძღოლზე ყოველგვარი გავლენის გარეშე მოხერხდა.

დიდებული ამბავია, რადგან ნიშნავს იმას, რომ ინდუქციური დამუხტვის ტექნოლოგიის მქონე ავტომაგისტრალებზე ელექტრომობილთა გარბენის მანძილი შეიძლება უსასრულო იყოს. Stellantis-ი ამ ტექნოლოგიაზე რამდენიმე პარტნიორთან ერთად მუშაობს.

სატესტო ინფრასტრუქტურა იტალიის კომუნა კიარიში მდებარეობს და იყენებს ასფალტის ქვეშ მოთავსებული კოჭების სისტემას, რომელიც ენერგიას პირდაპირ მანქანებს, ავტობუსებს, სატვირთოებს გადასცემს, თუკი ისინი სპეციალური მიმღებებით არიან აღჭურვილი. ენერგია პირდაპირ გზიდან მიდის ელექტროძრავებამდე და მათ ბატარეის დაცლის გარეშე სიარულის საშუალებას აძლევს.

Arena del Futuro მუდმივ დენს (DC) იყენებს, რათა ენერგიის განაწილების პროცესში ენერგიის დანაკარგები შეამციროს. ამას გარდა, გზის დაგებისას შესაძლებელია სპილენძის ნაცვლად უფრო იაფი, ალუმინის კაბელების გამოყენება. ავტომწარმოებელი გვპირდება, რომ გზაზე არ იქნება მოშიშვლებული კაბელები და შესაბამისად, ასეთი ტექნოლოგიებით აღჭურვილ გზებზე სიარული ადამიანებისთვის უსაფრთხო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ იქ ელექტრული ველია.

„ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა, Dare Forward 2030, ეფუძნება მობილობის თავისუფლების უახლესი ტექნოლოგიის დანერგვას ყველასთვის და ეს პროექტი ამ მხრივ ძლიერ მნიშვნელოვანია. ერთობლივ პროექტებში ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ ბატარეის ხანგრძლივ მუშაობას, ენერგიის დაზოგვას, ბატარეების პატარა ზომას, გამორჩეულ პერფორმანსს, ნაკლებ წონას და ხარჯებს“, — ამბობენ კომპანიაში.