Porsche-მ Panamera პირველად 2016 წელს წარმოადგინა; ახლახან კი ცნობილი გახდა ის ციკლური ცვლილებები, რაც მეორე თაობის მოდელს, კოდური სახელით 971-ს შეეხება.

როგორც ზოგადად Porsche-სთვის არის დამახასიათებელი, მანქანას შიგნიდან და გარედან კოსმეტიკური ცვლილებები აქვს, რაც რიგითი მნახველისთვის შეიძლება შეუმჩნეველიც დარჩეს; თუმცა, გერმანელებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები Panamera-ს ძარის შიგნით განახორციელეს.

Turbo S-მა ჩაანაცვლა Turbo და მიიღო ორმაგი ტურბო 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა 621 ცხენის ძალით, ანუ 79 ცხენის ძალით მეტი.

100 კმ/სთ-ს მანქანა სულ რაღაც 3,1 წამში ავითარებს; მაქსიმალური სიჩქარე 315 კმ/სთ-ია. საწვავის საშუალო ხარჯი 100 კმ-ზე 11,1 – 10,7 ლიტრს შეადგენს.

კომპანიამ წარმოადგინა დატენვადი ჰიბრიდი (plug-in) ვარიანტიც — 4S E-Hybrid. აღჭურვილია 2.9-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 ძრავით, რომელსაც 434 ცხენის ძალა აქვს და 134 ცხენის ძალიანი ელექტროძრავით, ჯამში მანქანას 552 ცხენის ძალა აქვს. ეს ვარიანტი 100 კმ/სთ-ს 3,7 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 298 კმ/სთ-ია. ელექტრორეჟიმში სვლის მანძილი 54 კმ-ია.