მსოფლიოში ერთადერთი თეთრი Ferrari Enzo, 29 ივნისს RM Sotheby-ს აუქციონზე გაიყიდება და შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მანქანა აღმოჩნდეს, რაც კი ოდესმე გაყიდულა.
ამ Enzo-მ ქარხანა 2003 წლის 22 მაისს დატოვა და გადაწყვეტილია Bianco Avus ფერში. ის ერთ-ერთია იმ ოცი Enzo-დან, რომლებიც არასტანდარტულ ფერში შეღებეს და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ Ferrari-ს ყველაზე მდიდარი კლიენტებისთვის; მათ შორის, თეთრი მხოლოდ ეს ეგზემპლარი იყო.
აღწერაში წერია, რომ მანქანა შვეიცარიაში გაიყიდა და მისი მფლობელი გერმანელ-შვეიცარიელი მილიარდერი გახდა. აშკარაა, რომ ის მანქანას ხშირად არ მართავდა და საკმაო ხანს სადილერო პუნქტში იდგა. 2011 წელს მისი ექსპორტი ჰონგ-კონგში მოხდა.
საინტერესოა, რომ მანქანის რეგისტრაცია ჰონგ-კონგში არასოდეს მომხდარა, რადგან მარცხენა საჭიანია; ამ ქალაქში ის მხოლოდ Ferrari-ს კოლექციაში იდგა. 2012 წლის ნოემბერში მან Ferrari Classiche სერტიფიკატი მიიღო და ცოტა ხნის წინ, ჰონგ-კონგში Ferrari-ს ავტორიზებულ სადილერო პუნქტში სრული სერვისიც ჩაუტარდა. მანქანა ამჟამად კანადაშია.
აღჭურვილია 6.0-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით, რომელიც 651 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ კონკრეტულ ეგზემპლარს მხოლოდ 9600 კილომეტრი აქვს გავლილი. აუქციონი მხოლოდ 24 საათით გაგრძელდება.
მეორადი Ferrari Enzo-ების ფასი ბოლო წლების აუქციონებზე საკმაოდ მაღალია. გასული წლის აგვისტოში, შავი ეგზემპლარი, რომელსაც 27 358 კილომეტრი ჰქონდა გავლილი, 3,36 მილიონ დოლარად გაიყიდა. კიდევ ერთი, უფრო დაბალი გარბენის მქონე (4760 კმ) Enzo კი 2022 წლის მარტში 2,995 მილიონ დოლარად გაიყიდა.