იტალიაში მოღვაწე ქართველმა ავტოდიზაინერმა ალექსანდრე იმნაძე ბალდინიმ ასტრონავტთა სატრანსფერო ვენი, სახელად „ასტროვენი“ შეიმუშავა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება NASA-მაც გამოიყენოს.
ოპერაციათა მართვის ცენტრიდან რაკეტების გამშვებ პლატფორმამდე ასტრონავტების გადასაყვანად NASA ადრე სპეციალურ ვენებს იყენებდა. ქართველი დიზაინერის შთაგონების წყარო სწორედ ეს მანქანები გახდა.
NASA-ს ამ პროექტში მონაწილეობა არ მიუღია და ის მთლიანად ქართველი დიზაინერის ნამუშევარია.
პირველი, რაც მოგხიბლავთ, მანქანის ზომაა. აქვს ექვსი ბორბალი, არის საკმაოდ გრძელი და ასტრონავტებს საკმარისზე მეტ სივრცეს სთავაზობს. დიზაინი ძლიერ დამაინტრიგებელია და ჰგავს NASA-ს მიერ წარსულში გამოყენებულ ასტროვენებისას.
სამწუხაროდ, ასეთ ასტროვენებს ხშირად ვერ ვხედავთ. ბოლოს ასეთი მანქანა გასული წლის ოქტომბერში Boeing-მა და Airstream-მა წარმოადგინა და ის Mercedes-Benz Sprinter-ს ეფუძნებოდა.
ალექსანდრე იმნაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არის Alfa Romeo, Maserati, Bertone, FIAT Group-ი და Ford-ი. მონაწილეობა მიღებული აქვს ავტომობილების თერთმეტ პროექტში, რომელთაგანაც ოთხი უკვე გამოსულია.