რამდენიმე თვის წინ, Toyota-მ აშშ-ში 2023MY Highlander-ის განახლებები დააანონსა; ამჯერად, იგივე განახლებები შეეხო SUV-ის ევროპულ ვერსიასაც. შედეგად, ევროპული სპეციფიკაციის Highlander-ს ექნება ახალი ტექნოლოგია, ფერების არჩევანი და დამატებით 2.4-ლიტრიანი ტურბოჩაბერვიანი ძრავა ექსკლუზიურად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
Toyota Highlander-ი ევროპაში 2021 წელს გამოჩნდა და შესაბამისად, დიაპაზონის შედარებით ახალი დამატებაა. 2023 წლის მოდელში, ევროპელ მყიდველებს შეეძლებათ აირჩიონ Cypress Green ფერი, ახალი 20-ინჩიანი, შავი დისკები. სალონში Toyota-მ ტყავის გადასაკრავებს დაამატა ახალი ფერები.
Highlander-მა მიღო 12,3-ინჩიანი ციფრული მაჩვენებელთა დაფა, 12,3-ინჩიანი სენსორული დისპლეი კონსოლის ცენტრში, რომელიც ინტეგრირებულია Toyota-ს უახლეს სისტემასთან. შედეგად, SUV-ს ახლა აქვს ღრუბლოვან სერვისზე დაფუძნებული ნავიგაცია, გაუმჯობესებული საბორტო ხმოვანი აგენტი, უსადენო Apple CarPlay და სადენიანი Android Auto კავშირი, დისტანციური ფუნქციები სმარტფონით. გარდა ამისა, Toyota Smart Connect+ უზრუნველყოფს ქალაქების 3D რუკებს, საგზაო ნიშნების ამოცნობას და ინფორმაციას ფიქსირებული სიჩქარის კამერების ადგილმდებარეობის შესახებ. და ბოლოს, უფრო მოსახერხებელ ადგილას განთავსდა უსადენო დამუხტვის პადი, როგორც ეს ცოტა ხნის წინ განახლდა Lexus ES-ში.
აღმოსავლეთ ევროპაში Highlander-ი უკვე ხელმისაწვდომია ახალი 2.4-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინის ტურბოძრავით, რომელიც 265 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ახალ ძრავაში გაუმჯობესებულია საწვავის მოხმარება და შემცირებულია CO2-ის გამონაბოლქვი.
დასავლეთ ევროპაში SUV-ი ინარჩუნებს თვითდატენვად ჰიბრიდულ სისტემას ატმოსფერული 2,5-ლიტრიანი ძრავით და ორი ელექტროძრავით, რომლებიც ჯამში 245 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ.