ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომლებიც საავტომობილო გაყიდვებს ამცირებს, მათ შორის ნაწილების დეფიციტი, ინფლაცია და სხვა, ბოლო თვეებში ცოტა ჩავარდნაა ერთ სეგმენტში — მდიდრულ მანქანებში. მიუხედავად ამისა, ასეთი ჩავარდნა Tesla-ს არ ჰქონია; უფრო მეტიც, კალიფორნიის ფრიმონტის ქარხნის წყალობით, ამ სეგმენტში პოზიციები გაიმყარა კიდეც.

ეს კი რამდენიმე მიზეზით არის მნიშვნელოვანი. ილონ მასკი პირდაპირ ამბობს, რომ კომპანიის საწარმოები გერმანიასა და ტეხასში, ზარალზეა, რადგან მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს წარმოების ზრდა. გარდა ამისა, სიტუაცია გაამწვავა COVID-19-ის გამო რამდენიმე კვირით შანხაის ქარხნის დახურვამაც.

მიუხედავად ამისა, Tesla აღნიშნავს, რომ 2022 წლის ივნისში წარმოება უდიდესი იყო კომპანიის ისტორიაში. ამის შესახებ ცნობა პირველად გამოცემა Autonews-მა გაავრცელა, ახლა კი ინფორმაციას ამტკიცებს მესამე მხარის მონაცემებიც Experian-ისგან. წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, აშშ-ში Tesla-ს ახალი მანქანების რეგისტრაციის მაჩვენებელი 66 პროცენტით გაიზარდა და ჯამში 179,574 ერთეულს მიაღწია. ამ მხრივ, ელექტრომობილთა გიგანტი კონკურენტებს გაცილებით უსწრებს.

Experian-ის მონაცემებით, წელიწადის იმავე პერიოდში, მეორე ადგილზეა BMW. რეგისტრირებულია გერმანული ავტომწარმოებლის 133,209 მოდელი, რაც 11 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ამავე პერიოდის რაოდენობაზე.

მესამე ადგილი უჭირავს Lexus-ს, 112,296 რეგისტრირებული მანქანით და 19-პროცენტიანი კლებით, მეოთხე ადგილზე კი Mercedes-Benz-ია 110,584 რეგისტრაციით და 17-პროცენტიანი კლებით.

უზარმაზარი კლება აქვს Audi-ს — მხოლოდ 67,986 რეგისტრირებული მანქანა და 35-პროცენტიანი კლება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები ელექტრომობილთა ამბის მხოლოდ ნაწილს ასახავს, რადგან დაითვალა არა მხოლოდ ელექტრომანქანები, არამედ ყველა ავტომობილი. ამ კონტექსტში, მდიდრულ ბრენდებს შორის Audi მეორე ადგილზეა, Tesla-ს შემდეგ, 6,617 რეგისტრირებული ახალი ელექტრომობილით.

3,627 რეგისტრაციით შემდეგ ადგილზე მოდის Porsche, რომელსაც Mercedes-ი მოჰყვება 3,250 ახლად რეგისტრირებული ელექტრომობილით. მდიდრულ ბრენდებს, Volvo-ს და Polestar-ს 3,330 და 4,118 რეგისტრაცია უფიქსირდებათ.

სტატისტიკა ზოგჯერ შეიძლება ფაქტებს აზვიადებდეს, მაგრამ აშკარაა, რომ მდიდრული მანქანების სეგმენტში Tesla-ს საკმაოდ მოწინავე ადგილი უკავია, რომელსაც უახლოეს მომავალში ნამდვილად არ გაუყოფს კონკურენტებს.