Hyundai-ს სურს, რომ მომავალი ელექტრო სედანით, სახელად Ioniq 6, კონკურენცია გაუწიოს Tesla Model 3-ს. ეს ხუთკარიანი მოდელი კომპანიის Ioniq ქვებრენდში განთავსდება, რომელიც ელექტრომობილებს აერთიანებს და აქვს Ioniq 5-თან საერთო კომპონენტები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელმისაწვდომი იქნება ერთ- და ორძრავიანი კონფიგურაციები, ასევე ბატარეების ორი კომპლექტი.

აეროდინამიკურ ფორმასთან კომბინაციით, დიდი პაკეტის მქონე მოდელი გარკვეულ კონფიგურაციებში ერთი დატენვით 644 კილომეტრამდე მანძილს დაფარავს. დიზაინი შთაგონებულია Hyundai-ს დრამატული Prophecy კონცეპტით; შედეგად, Ioniq 6-ის ვიზუალი ფუტურისტული, მოხდენილი და სწრაფია. აქვს უფრო მდიდრული ინტერიერი და ტექნოლოგიური მახასიათებლები, ვიდრე Hyundai-ს ბენზინის Sonata და Elantra მოდელები.

Ioniq 6 ხაზში ახალი დამატებაა. განთავსდება Ioniq 5-სა და მომავალ Ioniq 7-ს შორის, მაგრამ გახლავთ სედანი უფრო დაბალი პროფილით, ვიდრე ეს მაღალი ქროსოვერები.

სავარაუდოდ, Ioniq 6 ოდნავ მეტი ეღირება, ვიდრე Ioniq 5, რომლის ფასიც 40,925 დოლარიდან იწყება. ასევე სავარაუდოა, რომ ექნება იგივე კომპლექტაციები და ძალური აგრეგატის კონფიგურაციები, პატარა და დიდი ბატარეათა კომპლექტებით, ასევე უკანა და ოთხივე წამყვანი თვლის სისტემები.

ვინაიდან Ioniq 6-ს Ioniq 5-ის პლატფორმაზეა დაფუძნებული, ძალური აგრეგატი დიდად არ შეიცვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ექნება ერთი ელექტროძრავა, რომელიც ენერგიას უკანა თვლებს მიაწვდის, უფრო ძვირიან ვარიანტს კი ორი ელექტროძრავა და ოთხივე წამყვანი თვალი. ცხენის ძალებს Hyundai ჯერ არ ასახელებს, მაგრამ სავარაუდოდ, იგივე 168 ცხენის ძალა ექნება, რაც Ioniq 5-ს. ორძრავიან ვერსიას კი 321 ცხენის ძალა.

იმისათვის, რათა Model 3-ს გაუწიოს კონკურენცია, Ioniq 6-ს სულ მცირე 483 კმ გარბენის მანძილი სჭირდება. ექსპერტთა აზრით, 77.4-kWh ბატარეების კომპლექტის წყალობით, მოდელმა ერთი დატენვით დაახლოებით 644 კმ უნდა დაფაროს. ერთძრავიანი საბაზისო მოდელის ბატარეების მოცულობა 55.0-kWh-ია.

Ioniq მოდელებში Hyundai განსაკუთრებით უსვამს ხაზს კომფორტს და როგორც ჩანს, ამ მხრივ გამონაკლისი არც Ioniq 6 იქნება. სალონის ფოტოებზე ჩანს ის თანამედროვე და მინიმალისტური ესთეტიკა, რაც Ioniq 5-შია. აღჭურვილია 12-ინჩიანი ციფრული მაჩვენებელთა დაფით და საინფორმაციო სისტემის ამავე ზომის დისპლეით. სავარაუდოდ, მოდელი გამოიყენებს იმავე პროგრამულ უზრუნველყოფას, რასაც Hyundai-ს სხვა მოდელები და აქვს Apple CarPlay-სა და Android Auto-ს მხარდაჭერა.