ნახევარი საუკუნის შემდეგ, Toyota-ს უძველესი ბრენდი ჩრდილოეთ ამერიკაში ბრუნდება. 2023 წლის Toyota Crown-ი ძლიერ განსხვავდება იმ სედანისგან, რომელმაც კომპანიის სამშობლოში, იაპონიაში, უკვე 15 თაობა განვლო. Toyota-ს დანარჩენი სედანებისგან აშკარად გამოირჩევა მაღალი, ქროსოვერის მსგავსი პროპორციებით.

ბამპერიდან ბამპერამდე მოდელი სიგრძე 493 სანტიმეტრია, თვლების ბაზა კი 285 სმ და ამ მაჩვენებლებით ოდნავ აღემატება ამჟამინდელ Camry-ს, მაგრამ ჩამორჩება Avalon-ს. წელს Avalon-ი ხაზიდან მოიხსნა და შესაბამისად, ავტომწარმოებლის ფლაგმანური სედანი Crown-ი გახდა. მანქანის პროპორციები ძლიერ განსხვავდება იმისგან, რაც კი ოდესმე გვინახავს Toyota-ს დიზაინერების მიერ შექმნილი.

სახურავის აწევამ დიზაინერებს სავარძლების პოზიციების უფრო ქროსოვერის მსგავს სიმაღლეზე აწევის საშუალებაც მისცა. ამავე დროს, ვიზუალურად მოდელი თითქოს პატარა SUV-ს წააგავს.

ხელმისაწვდომი იქნება ძალური აგრეგატის ორი ვერსია; ორივე მათგანი ჰიბრიდია სტანდარტული ელექტრონული ოთხივე წამყვანი თვლის სისტემით. საბაზისო კონფიგურაცია XLE და Limited კომპლექტაციებისთვის მოიცავს Toyota-ს 2.5-ლიტრიან ჰიბრიდულ სისტემას. წინა ღერძთან ბენზინი-ელექტრო ჰიბრიდული ერთეულია განთავსებული, ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ვერსიაში კი მეორე ელექტროძრავა უკანა ღერძთან. ასეთი კონფიგურაცია ძლიერ წააგავს ამჟამინდელი RAV4-ისას, მაგრამ ბატარეებისა და სხვა სისტემების წყალობით, Crown-ი 236 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, წვის მაჩვენებელი კი დაახლოებით 6,19 ლიტრია 100 კმ-ზე.

Platinum კომპლექტაცია აღჭურვილია ავტომწარმოებლის ახალი ჰიბრიდული სისტემა Hybrid Max-ით. მოიცავს წინა ღერძთან განთავსებულ 2.4-ლიტრიან ტურბო ბენზინ-ელექტრო ჰიბრიდულ სისტემას ექვს-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით; წყლის გაგრილებაზე მომუშავე ელექტროძრავა უკანა ღერძს ამუშავებს და უფრო პერფორმანსზეა ორიენტირებული. სიმძლავრე ჯამში 340 ცხენის ძალაა, წვის მაჩვენებელი კი 8,4 ლიტრი 100 კმ-ზე.

Crown-ი ეფუძნება Toyota-ს ახალ არქიტექტურა TNGA-K-ს, რომელსაც ასევე იყენებს Camry, RAV4, Highlander-ი და Sienna. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ველოდეთ მოდელის სრულად ელექტრო ვერსიას, რაც შეიძლება ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად ჩავთვალოთ, რადგან არსებობს ისეთი მოქნილი არქიტექტურა, როგორიც ახალ BZ4X-ში გამოყენებული E-TNGA-ია. თუმცა, როგორც ჩანს, Crown-ზე მუშაობა ამ პლატფორმას წინ უსწრებდა.

Crown-ისთვის კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა დატენვადი ჰიბრიდული (plug-in) ვერსიის არარსებობა.

Crown-ის სალონი სავსეა Toyota-ს უახლესი ტექნოლოგიებით. მათ შორის არის ორი 12,3-ინჩიანი ეკრანი სტანდარტის სახით, ერთი მაჩვენებელთა ციფრული დაფის ფუნქციას ასრულებს, მეორე კი საინფორმაციო სისტემისას.

ეკრანების ქვეშ მოთავსებულია ფიზიკური ღილაკები კლიმატის სისტემის კონტროლისთვის, სმარტფონის უსადენო დამუხტვის ჯიბე და USB type-C პორტები მგზავრების სავარძლებთან. ცენტრალურ კონსოლზე ასევე მოთავსებულია USB type-A პორტი და ხელმისაწვდომია Android Auto და Apple CarPlay კავშირი.

Crown-ში სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი უსაფრთხოების დამხმარე სისტემა Toyota Safety Sense 3.0. ქვეითთა დაფიქსირების სისტემა ახლა უკვე მოიცავს მოტოციკლისტებისა და ჯებირების ამოცნობის ფუნქციასაც. შეჯახებამდელ სისტემას შეუძლია გზაჯვარედინზე მოხვევისას მანქანა ავტომატურად დაამუხრუჭოს ავარიის თავიდან ასაცილებლად.

2023 წლის Toyota Crown-ი ნამდვილად საინტერესო მოდელია, რომელშიც წარმოდგენილია სედანისა და ქროსოვერის მახასიათებელთა ნარევი. ამ ეტაპზე უცნობია ფასები და წვის ზუსტი მაჩვენებლები.