მრავალი თიზერის შემდეგ, როგორც იქნა, Honda-მ 2023 წლის Honda Civic Type R წარმოადგინა. თუმცა, ჯერ მაინც არ ვიცით, რამდენი ცხენის ძალა ექნება მოდელს; ვიცით მხოლოდ ის, რომ ის უფრო ძლიერი იქნება — როგორც კომპანია აცხადებს, ისტორიაში ყველაზე მძლავრი Civic Type R.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ამჟამინდელი Civic Type R ან ძალიან უყვარდათ, ან ძალიან სძულდათ. ავად თუ კარგად, ახალი CTR ასეთ ძლიერ რეაქციებს არ აღძრავს. შეიძლება ითქვას, რომ ის მართლაც საოცრად გამოიყურება. შეხვდებით რამდენიმე ფეიკ სავენტილაციო ხვრელს, თუმცა წინა თვლებთან არის რეალურიც. გამოკვეთილ მახასიათებლად რჩება უკანა სპოილერი, მაგრამ ამჯერად ის უკვე სარბოლო კარიკატურა აღარაა.

ამჟამინდელი ვერსიის მსგავსად, ახალ Civic Type R-საც უნიკალური ძარა აქვს. ტრადიციულად, ის კვლავ მხოლოდ ჰეტჩბეკის სახით არის ხელმისაწვდომი. აქვს საკმაოდ გაშლილი ფრთები, რომლებიც მისი მცირე ვერსიებისგან აშკარად განსხვავდება. Honda-მ მოდელს ასევე დაუყენა უფრო ფართო უკანა კარები, როგორებსაც სხვა ჩვეულებრივ ჰეტჩბეკებში ვერ ნახავთ. კიდევ ერთი უნიკალური მახასიათებელია გვერდითი ზღურბლები. უკან ნახავთ შავ დიფუზორს Type R-ის სამარკო გამოსაბოლქვი სამმაგი მილით.

ახალი Civic Type R-ის შესახებ ალბათ ყველაზე დიდი ახალი ამბავი იქნებოდა მისი პერფორმანსის სპეციფიკაციები. მაგრამ სამწუხაროდ, Honda მას საიდუმლოდ ინახავს გაშვების წინა პერიოდამდე, ანუ შემოდგომამდე. მიუხედავად ამისა, გარკვეული ცნობები მაინც ვრცელდება. სავარაუდოდ, მანქანა აღჭურვილი იქნება 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელიც დაკავშირებული იქნება ექვს-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან.

Honda-ს განცხადებით, ის ისტორიაში ყველაზე მძლავრი Type R იქნება. აშშ-ის ვერსიას აქამდე 306 ცხენის ძალა ჰქონდა, ევროპულსა და იაპონურს 316. ექნება თუ არა 2023 წლის მოდელს სულ მცირე 317 ცხენის ძალა? თუ Honda-ს აღწერას დავეთანხმებით, ასე უნდა იყოს. იგივე უნდა ითქვას საკიდარსა და საჭით მართვის სისტემაზე. თუმცა, დაველოდოთ.

სალონში ძირითადად ის დაგხვდებათ, რაც ჩვეულებრივ Civic ჰეტჩბეკების ტოპ კომპლექტაციებში. მათ შორის არის 9-ინჩიანი სენსორული საინფორმაციო სისტემა უსადენო Apple CarPlay და Android Auto მხარდაჭერით.

Honda ფასებს ჯერ არ აკონკრეტებს, მაგრამ უნდა ველოდოთ, რომ 2023 წლის Civic Type R უფრო ძვირი იქნება, ვიდრე 2021 წლის მოდელი, რომლის ფასიც 38,910 დოლარიდან იწყება.