General Motors-მა წარმოადგინა ყველაზე ძვირად ღირებული Cadillac-ის პროტოტიპი, რითაც მდიდრული ამერიკული ბრენდი ელექტრომობილების ბაზარზეც იგივე პოზიციის დაკავებას აპირებს.
პროტოტიპი წინასწარ გვიჩვენებს Cadillac Celestiq-ს, მომავალ ხელნაკეთ სედანს, რომელიც 2023 წელს გამოვა და 300 000 დოლარი ან უფრო მეტი ეღირება. Cadillac-ი მოდელს მის ახალ „სრულად ელექტრო ფლაგმანურ სედანს“ უწოდებს.
წარმოადგენს Cadillac-ის ექსპერიმენტს ხელნაკეთ მანქანებში, რასაც კომპანიები ძირითადად უმაღლესი კლასის სპორტულ მანქანებში მიმართავენ; ექსკლუზიურ მოდელებში ასეთ პრაქტიკას მისდევს Rolls-Royce-იც. Cadillac-ის განცხადებით, 2030 წლისთვის, ის მომხმარებლებს მხოლოდ ელექტრომობილებს შესთავაზებს.
GM-ს Celestiq-ის შესახებ რაიმე ტექნიკური დეტალები ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგალითად, გარბენის მანძილი ან პერფორმანსი.
მანქანას ექნება ხუთი LED ინტერაქტიული დისპლეი, მათ შორის 55-ინჩიანი დიაგონალური ეკრანი მანქანის წინა სალონში; მინის ჭკვიანი სახურავი, რომელსაც ექნება გამჭვირვალობის მორგების პარამეტრები; და Ultra Cruise — GM-ის მძღოლის დამხმარე ახალი თაობის სისტემა, რომელსაც უმეტეს გარემოებაში თვითმართვის უნარი ექნება.
GM ადასტურებს, რომ საწარმოო მოდელსაც ასეთივე სპეციფიკაციები ექნება, მაგრამ დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავს იკავებს.
კომპანიის განცხადებით, დიზაინერების შთაგონების წყარო გახდა ისეთი სახელგანთქმული მანქანები, როგორებიც იყო მეორე მსოფლიო ომამდელი V-16 მოდელები და 1957 წლის ხელნაკეთი Eldorado Brougham-ი.
Cadillac Celestiq-ის ასაწყობად General Motors-მა დეტროიტის გარეუბანში მდებარე საკუთარ ტექნოლოგიურ ცენტრში 81 მილიონი დოლარი ჩადო.