ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Lamborghin-ს მოწინავე Aventador-ი სცენაზე გამოჩნდა, როგორც ერთ დროს ყოვლისშემძლე Murcielago-ს ბალისტიკური მემკვიდრე. მართალია, მას დღემდე თანამედროვე მანქანის სახე აქვს, მაგრამ მისი ჩანაცვლების დროც დადგა.

ბოლო პერიოდში მალულად გადაღებული ფოტოები ცხადყოფს რადიკალურად ახალ დიზაინს, ჭორები კი მიუთითებენ, რომ მას ისეთივე წარმოუდგენელი ძალური აგრეგატი ექნება. ამჯერად ის ჰიბრიდია, მაგრამ არ შეგეშინდეთ — მის პაკეტში შედის V12 და ელექტრო ძრავა.

ლამბორჯინი

Aventador-ის მემკვიდრე Lamborghini-ს დიზაინის ტრადიციას აგრძელებს, რომელიც გულისხმობს, რომ ის განსხვავებული უნდა იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ იტალიური ბრენდის მოდელების საბაზრო ვადა 10 წელს გრძელდება, კომპანია მთელ ძალისხმევას არ იშურებს, რომ ისინი მრავალი წლის მანძილზე დარჩნენ სასურველი.

დიზაინის მთავარი მახასიათებლები? სამართებელივით ბასრი წინა ნაწილი მოიცავს Y-ს ფორმის DRL-ებს განათების მთავარი ერთეულებით, რომლებიც ოდნავ უკანაა გადაწეული. ქვემოთ არის აგრესიული ჰაერმიმღებები რომლებსაც ერთმანეთისგან აშორებს გამოკვეთილი გამყოფი.

ავტომწარმოებელი ინტერიერის დეტალებს საგულდაგულოდ მალავს, მაგრამ სავარაუდოდ, ისიც ისეთივე საუცხოო იქნება, როგორც ექსტერიერი. როგორც ყველა სუპერქარის შემთხვევაში, სალონის დიდ სივრცეს არც მისგან უნდა ველოდეთ.

ავიაგამანადგურებლის მსგავს კაბინაში იქნება გაუმჯობესებული ციფრული კავშირი, სმარტფონის უსადენო დამუხტვის სისტემა, Apple CarPlay და Android Auto. ხილვადობას მოუმატებს 360-გრადუსიანი ხედვის სისტემა და ექნება მძღოლის დამხმარე სისტემებისა და მართვის რეჟიმების მთელი ნაკრებები.

Lamborghini-ს ფლაგმანს ექნება ნაკლები C02-ის გამომყოფი ბენზინი-ელექტრო ჰიბრიდული სისტემა. ის იტალიური ბრენდის პირველი დატენვადი (plug-in) ჰიბრიდი იქნება, შემდეგ კი თანდათან მოახდენს მთელი ხაზის ელექტრიფიკაციას — მას მოჰყვებიან Urus-ი და Huracan-ი.

არ დაგავიწყდეთ, რომ მისი ჰიბრიდული სისტემა ელექტროძრავასთან და ბატარეებთან ერთად გამოიყენებს V12 ძრავასაც.

Lamborghini-ს ფლაგმანს კონკურენცია ისეთ მონსტრებთან მოუწევს, როგორებიც არის Ferrari SF90 Stradale, McLaren’s 720S, Aston Martin DBS და Porsche 911 Turbo S.

მანქანის ოფიციალური დებიუტი სავარაუდოდ 2023 წლის დასაწყისში შედგება.

შენიშვნა: სტატია შეიცავს გამოცემა CarScoops-ის მიერ შექმნილ ილუსტრაციებს, რომლებსაც Lamborghini-სთან კავშირი არ აქვს.