მოდიფიცირებული მანქანები ხშირად არც ისე საოცარი ან გასაკვირია. თუმცა, უფრო საინტერესო და თვალისმომჭრელია მოდიფიცირებული სუპერქარები. ამის ერთ-ერთი იშვიათი მაგალითია კონკრეტული Ferrari F40 Competizione.
კითხვაც არ უნდა, რომ ზოგადად, სუპერქარების ისტორიაში F40 ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მანქანაა. მაღალი გარბენის მქონე ნიმუშებიც კი შეიძლება ექვსნიშნა ფასად გაიყიდოს. ეს კონკრეტული F40 იმით არის გამორჩეული, რომ არა მხოლოდ უნიკალური, არამედ შეიძლება ყველაზე მძლავრი ეგზემპლარიც იყოს მთელ პლანეტაზე.
Ferrari-ს ოფიციალურ იმპორტიორს ის პირველად 1989 წლის ბოლოს ჩაბარდა. შეძენიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მფლობელმა მისი გადაკეთება დაიწყო. განაახლა საკიდარი, მუხრუჭები, ძარა და შეღება ყვითლად.
დასრულების შემდეგ, თავის მრავალი მოდიფიკაციით, მანქანა 2006 წლამდე მონაწილეობდა სხვადასხვა შეჯიბრში. 2019 წელს დასრულდა მისი კიდევ ერთი შეკეთება — მათ შორის იყო ახალი საკიდარის, საწვავის ავზის და ახალი ცეცხლმაქრობების დაყენება. ამის შემდეგ, მანქანა ახალი მფლობელის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ის Zanasi Group-ს გაუგზავნა.
სწორედ ამ ჯგუფის მიერ არის შექმნილი ყველა Extra Campionario (სპეციალური შეკვეთა) საღებავი თავად Ferrari-სთვის, მათ შორის ისეთ მოდელებზე, როგორებიც არის Tailor-Made გამოშვება და Icona სერიის მანქანები. იქ მანქანა ხელახლა შეღებეს Grigio Nardo საღებავით.
ასევე ჩაუტარდა მექანიკური სერვისი და შედეგად, მანქანა დღეს 690-დან 986 ცხენის ძალამდე გამოიმუშავებს, კონფიგურაციის შესაბამისად.
ასევე აქვს საოცარი სარბოლო მოდიფიკაციები, მათ შორის, სარბოლო სავარძლები, განახლებული ნახშირბადის ბოჭკოს სპოილერი, Stack ინსტრუმენტული სისტემა და ა. შ.
მანქანა ამჟამად RM Sotheby აუქციონზე იყიდება.