Nissan-ი 15 სექტემბერს ახალი სპორტული მანქანის, Z-ის დებიუტს აანონსებს. ის 370Z-ის მემკვიდრე იქნება.

ახალი სპორტული მანქანა სახელად Nissan Z Proto, ახალ თიზერ ვიდეოში გამოჩნდა, რომელშიც მისი წინაპრები ჩანან.

„ახალი Nissan Z Proto-თი ნისანი Z-ის ძალას ხელახლა აღვიძებს. ერთმანეთს შევურწყეთ 50-წლიანი მემკვიდრეობა და თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა შეგვექმნა ლეგენდარული Z სპორტული მანქანის ახალი თაობა“, – აღნიშნავს ავტომწარმოებელი განცხადებაში.

მანქანის პრემიერა 15 სექტემბერს, იაპონიაში, Nissan-ის იოკოჰამას პავილიონში შედგება. სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ვიდეო გარკვეულ ცნობებს გვაწვდის მეხუთე თაობის Z სპორტული მანქანის შესახებ. სიშავეში კარგად ჩანს LED ფარები.

პრემიერის თარიღიდან გამომდინარე, უპრიანია ვიფიქროთ, რომ ავტომწარმოებელი Z Proto-ს 2021 წლის მოდელად გაუშვებს. თუმცა, ვრცელდება ცნობა, რომ ახალი Z სპორტული მანქანა 2022 წლის ბოლოს გაეშვება.

მართალია, სახელში Proto „პროტოტიპს“ აღნიშნავს, მაგრამ Z Proto ნამდვილად ახლოს არის საწარმოო პროტოტიპთან. თუმცა, ამ დროისათვის ამ მოდელის ირგვლივ არსებული კითხვები პასუხებს სჭარბობს.

გავრცელებული ინფორმაციით, Z Proto დაფუძნებული იქნება 370Z-ის არქიტექტურაზე. ვარაუდობენ, რომ ექნება 400 ცხენის ძალიანი 3.0 ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 ძრავა, რომლითაც ასევე აღჭურვილია Infiniti Q50 და Q60 Red Sport 400. ამავე ინფორმაციის თანახმად, Nissan-ი შემოგვთავაზებს ექვსსიჩქარიან მექანიკას და ცხრასიჩქარიან ავტომატიკას.