მარტში, იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ Toyota-სთან დაიწყო თანამშრომლობა. მათი მიზანი ადამიანების მთვარეზე გაგზავნისთვის საჭირო ჰერმეტული, პილოტირებული მთვარემავალის შექმნაა.

მავალის დიზაინში გამოყენებულია სათბობი ბატარეის მქონე ძალური გადაცემის სისტემა, რაც მთვარეზე 10 000 კილომეტრის გავლის საშუალებას იძლევა. ეს კი ძალიან შთამბეჭდავია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პილოტირებული ფრენისას მთვარეზე არც ისე ბევრი რესურსების წაღებაა შესაძლებელი.

იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ხელმძღვანელის განცხადებით, პილოტირებული მავალის მთვარეზე გაგზავნა მათ 2029 წელს სურთ.

რა თქმა უნდა, მთვარემავალს აუცილებლად ექნება საკუთარი სახელი. იაპონურმა ავტომწარმოებელმა მას Lunar Cruiser-ი შეურჩია. ასეთი სახელის შერჩევის ერთ-ერთი მიზეზი ცხადია, არის Toyota-ს სახელგანთქმული SUV-ი Land Cruiser-ი.

Lunar Cruiser-ს მოძრაობა მოუწევს კრატერებით, კლდოვანი შვერილებითა და ბორცვებით სავსე რელიეფზე; მოუწევს გაუძლოს ისეთ რადიაციასა და ტემპერატურასაც, როგორსაც დედამიწაზე ვერსად ვნახავთ. ცნობილია, რომ სიგრძეში ის 6 მეტრი იქნება, სიმაღლეში 3,8 მეტრი, შიდა სივრცე კი 13 კუბური მეტრი, რომელიც ორ კაცზეა გათვლილი, მაგრამ გადაუდებელ სიტუაციაში შესაძლებელია ოთხი ადამიანის მოთავსებაც.

გარდა ამისა, Toyota და იაპონიის კოსმოსური სააგენტო განიხილავენ მთვარეზე ბაზირებული სამომავლო საზოგადოების შექმნასაც, თუმცა ეს გეგმა დიდად იქნება დამოკიდებული Lunar Cruiser-ის წარმატებაზე.