Nissan 370Z ათზე მეტი წლის წინ გამოვიდა და იმ დროს ნამდვილ მოვლენას წარმოადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ გაყიდვები შემცირდა, კომპანია სახელგანთქმულ Z მანქანაზე უარს მაინც ვერ ამბობს. უფრო მეტიც, ავტომწარმოებელმა Z Proto-ს სახით შემდეგი თაობის მოდელი წარმოგვიდგინა, რომელიც რეტრო სტილით არის შთაგონებული.
Nissan-ი მას ყოველმხრივ თანამედროვე სპორტულ მანქანას უწოდებს და შეიძლება ითქვას, რომ Z Proto აგრძელებს Z-ის 50-წლიან მემკვიდრეობას. ექსტერიერი გადაწყვეტილია მარგალიტისფერში გარდამავალ ყვითელში, რითაც იმეორებს თავდაპირველ სპორტულ მოდელებში გამოყენებულ ტრადიციას. იგივე გამოძახილს ნახავთ კაპოტში, ცრემლის ფორმის ფარები კი 1970-იანი წლების JDM 240ZG-ის დიზაინს იმეორებს.
მიუხედავად იმისა, რომ მართკუთხა ცხაურაც თავდაპირველ მოდელს გვახსენებს, დიზაინერებმა მას ახალი ფირფიტები დაუმატეს. კლასიკური Z მანქანების დიზაინს იმეორებს სახურავი და ფანჯრებიც.
უკანა ნაწილი ოდნავ უფრო თანამედროვეა და შთაგონებულია 300ZX-ით. შეამჩნევთ განსხვავებულ გაბარიტულ ფარებს, რომლებსაც გარს შავი აკრავს, რაც Nissan-ის განცხადებით, სინათლეს უფრო მეტ სიმკვეთრეს ანიჭებს.
დიზაინერებმა გამოიყენეს 19-ინჩიანი ალუმინის დისკები და ორმაგი გამოსაბოლქვი სისტემა. წინა გამყოფში, უკანა ბამპერის საშხეფარში და გვერდითი გარსშემომდენებში გამოყენებულია ნახშირბადის ბოჭკოს კომპონენტები.
Nissan-ის დიზაინის ხელმძღვანელის, ალფონსო ალბაისას განცხადებით, დიზაინერებმა ჩაატარეს უთვალავი კვლევა, შეისწავლეს თითოეული თაობა და მათი წარმატების მიზეზები. საბოლოოდ კი გადაწყვიტეს, რომ Z Proto წარსულსა და მომავალს შორის უნდა მოქცეულიყო.
რაც შეეხება ზომებს — Z Proto-ს სიგრძე 238,2 სანტიმეტრია, სიგანე 184,9 სმ, სიმაღლე კი 131,1 სმ.
მართალია, ექსტერიერს რეტრო სტილი დაჰკრავს, მაგრამ სალონი ყოველმხრივ თანამედროვეა; აქვს საზომ ხელსაწყოთა 12,3 ინჩიანი ციფრული ბლოკი და თანამედროვე საინფორმაციო სისტემა.
კომპანია ბევრ დეტალს ჯერ არ ასახელებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ გაითვალისწინეს მოტორსპორტის ლეგენდების რჩევები და Z Proto-ს უბოძეს იდეალური სპორტული სალონი როგორც გზისთვის, ისე სარბოლო ბილიკისთვის.
Nissan-ი ასევე ადასტურებს, რომ მანქანას ექნება ორმაგი ტურბო V6 ძრავა, რომელიც დაკავშირებული იქნება ექვსსიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან. კომპანია ციფრებს არ ასახელებს, მაგრამ შენიშნავს, რომ ყოველ ახალ Z-ს წინამორბედზე უფრო მეტი სიმძლავრე აქვს.
სავარაუდოდ, ძრავა ნასესხები იქნება Infiniti Q60 Red Sport 400-ისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ველოდეთ დაახლოებით 400 ცხენის ძალას. ეს კი მნიშვნელოვანი ნახტომია 370Z-ის შემდეგ, რომელსაც 3.7 ლიტრიანი V6 ძრავა ჰქონდა 332 ცხენის ძალით.
კომპანია არც იმას ასახელებს, როდის ვიხილავთ საწარმოო მოდელს, მაგრამ აღნიშნავს, რომ Z Proto ერთ-ერთია იმ ათი მანქანიდან, რომელსაც Nissan-ი აშშ-ისთვის შემდეგ 20 თვეში წარმოადგენს; მათ შორის იქნება გაყიდვების სიაში მოწინავე Sentra და Rogue, ისევე როგორც ინოვაციური ახალი მოდელები, მაგალითად, სრულად ელექტრო ქროსოვერი Ariya.