BMW დიდხანს იყენებდა სლოგანს „საუკეთესო მართვადი ავტომობილი“, მაგრამ დროთა განმავლობაში, ამ დევიზს წყალი შეუდგა წინა წამყვანი თვლების მქონე მოდელების გამო.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სლოგანს ყოველთვის ამართლებდა M3 და M4. შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ კომპანია ამ მოდელების ახალი ვერსიებით მათი წარმატების გაგრძელებას გეგმავს. განახლებული მოდელები BMW-მ 22 სექტემბერს წარმოადგინა.
მანქანები აღჭურვილია ორმაგი ტურბო 3.0 ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავით, რომელიც 473 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. უფრო მძლავრია Competition ვარიანტები, რომლებსაც 503 ცხენის ძალა აქვთ.
ძალის დამატების წყალობით, M3 და M4 96 კმ/სთ სიჩქარეს 4,1 წამში ავითარებენ, სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი კი M Driver პაკეტის შემთხვევაში 290 კმ/სთ-ია. რაც შეეხება Competition ვარიანტებს, ისინი 96 კმ/სთ-ს 3,8 წამში ავითარებენ და უცვლელია მაქსიმალური სიჩქარეც.
ფანებს შეუძლიათ შვებით ამოისუნთქონ, რადგან კომპანიის განცხადებით, სტანდარტულ M3-სა და M4-ს ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი და უკანა წამყვანი თვლები ექნება. კოლოფი სულ რაღაც 22,7 კგ-ს იწონის, უფრო ნაკლებს, ვიდრე რვასიჩქარიანი ავტომატიკა და როგორც BMW აღნიშნავს, ეხმარება წინ და უკან წონის ბალანსს.
დამატებითი მაბრუნი მომენტის გამო, Competition ვარიანტები მხოლოდ ავტომატიკაა. ამის კომპენსირებისთვის, აღჭურვილია ბრუნების შემცირების ფუნქციითა და მექანიკური რეჟიმით, რომელიც კონტროლდება საჭეზე დამონტაჟებული გადამრთველებით.
რა თქმა უნდა, ოთხივე წამყვანი თვლის დამატება უდიდესი სიახლეა. M xDrive სისტემა ხელმისაწვდომია მხოლოდ Competition ვარიანტებში და აღჭურვილია Active M უკანა დიფერენციალით.
BMW M-ის მსგავსად, ნორმალური სიარულისას მაბრუნი ძალა მიმართულია უკანა თვლებისკენ. როდესაც საჭიროა დამატებითი წევა, ენერგია წინა თვლებსაც ეგზავნება.
ოთხივე წამყვანი თვლის სისტემას აქვს სამი სხვადასხვა რეჟიმი, მათ შორის – საწყისი 4WD პარამეტრი. დინამიკური სიარულისას 4WD Sport-ი უკანა თვლებთან უფრო მეტ ბრუნს გზავნის. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 2WD-იც, რომელიც გამორთავს დინამიკური სტაბილურობის კონტროლის სისტემას და მძღოლს „ნამდვილ უკანა თვლებით სიარულს შეაგრძნობინებს სისტემის ყოველგვარი ჩარევის გარეშე“.
რაც შეეხება მანევრულობას, მანქანებს სტანდარტის სახით აქვთ Adaptive M საკიდარი და M-სპეციფიკური წინა ორმაგი ზამბარა დგარი საკიდარი.
გამორჩეულ მახასიათებლებს შორის არის M Servotronic საჭეც და არჩევითი M Drive Professional პაკეტი M Traction Control-ით. ეს უკანასკნელი მახასიათებელი სრულიად ახალია და მძღოლს ბორბლის მოცურების შემთხვევაში ინტერვენციის ზღვრის დაყენებას სთავაზობს. კომპანიის განცხადებით, მძღოლებს შეუძლიათ აირჩიონი ათი სხვადასხვა პარამეტრი, რაც მათ აპოვნინებს „იდეალურ ბალანსს სარბოლო მანქანის მანევრებსა და მიმართულ სტაბილურობას შორის“.
მძღოლებს გაუხარდებათ იმის გაგებაც, რომ მანქანას აქვს ახალი მაღალი კლასის მუხრუჭის სისტემა. აღჭურვილია ექვს-ფისტონიანი წინა სუპორტებით და 380 მილიმეტრიანი დისკოებით, ისევე როგორც ერთფისტონიანი უკანა სუპორტებით, რომლებიც 370 მმ დისკოებზეა მიმაგრებული.
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ნახშირბად-კერამიკის სამუხრუჭე სისტემაც, რომელსაც მოოქროვილი სუპორტები აქვს, წინ 400 მილიმეტრიანი დისკოებით, უკან კი 380 მმ.
გარდა მართვის შთამბეჭდავი სპეციფიკაციებისა, მოდელებს აქვთ საკმაოდ გაბედული წინა ნაწილი, რომელიც უდავოდ გახდება საკამათო. წინა ბამპერზე დომინირებს ტყუპი თირკმლის ფორმის ცხაურა, რომელსაც გარს აკრავს მოზრდილი ჰაერმიმღებები ფოროვანი შუასადებებით.
ზემოთ ნახავთ ამოზნექილ კაპოტსა და წინა ფრთის ხვრელებს. მოდელებს ასევე აქვთ სპორტული გვერდითი გარსშემომდენები, აეროდინამიკური სარკეები და უფრო აგრესიული უკანა ბამპერი. ეს უკანასკნელი გამოირჩევა შავი დიფუზორითა და ოთხმილიანი გამოსაბოლქვი სისტემით.
მანქანები აღჭურვილია LED ფარებით, ნახშრბადის ბოჭკოთი გაძლიერებული პლასტიკის სახურავითა და შეფერილი უკანა გაბარიტული ფარებით. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს M Carbon ექსტერიერის პაკეტიც, რომელსაც დამატებული აქვს ნახშირბადის ბოჭკონარები პლასტიკის რამდენიმე კომპონენტი, მათ შორის უკანა სპოილერი, დიფუზორი და სარკის ხუფები.
სტანდარტული M3-სა და M4-ს აქვს ალუმინის 18-ინჩიანი წინა და 19-ინჩიანი უკანა დისკები. Competition ვარიანტები 19 და 20-ინჩიანი დისკებით არის აღჭურვილი.
შედარებით მოკრძალებულად არის შეცვლილი ინტერიერი, მაგრამ მაინც ნახავთ სპორტულ საჭეს, სტარტ-სტოპის წითელ ღილაკსა და Competition ვარიანტებში სპეციალურ გადამრთველს.
ტყავის ახალ, სპორტულ სპორტულ სავარძლებს აქვს ვენტილაცია.
სხვა მახასიათებლებს შორის არის საზომ ხელსაწყოთა 12,3-ინჩიანი ციფრული ბლოკი და 10,25-ინჩიანი საინფორმაციო სისტემა BMW-ს ღრუბლოვან სერვისზე დაფუძნებული რუკებითა და უსადენო Android Auto და Apple CarPlay-თ. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ნახავთ მრავალ M-სპეციფიკურ მახასიათებელსაც, მათ შორის M Drift Analyzer-სა და M Laptimer-ს.
ორივე მოდელი აშშ-ის ბაზარზე 2021 წლის მარტში გამოჩნდება. M3-ის ფასი 69,900 დოლარიდან დაიწყება, M4 Coupe კი 71,800 დოლარიდან. M3 Competition-ი 72,800 დოლარი ეღირება, M4 Competition-ი კი $74,700.