Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ Roadster-ი, რომელსაც საზოგადოება ასე დიდი ხანია ელოდება, მომავალ წელს ტესტირებისთვის ნიურბურგრინგზე გამოჩნდება.
თითქმის სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მეორე თაობის Tesla Roadster-ი კომპანიამ სამუშაო პროტოტიპის სახით წარმოადგინა. მაშინ მასკი ამბობდა, რომ მანქანა ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა და სავარაუდოდ, არც 2022 წლამდე მოხდება.
გარდა ამისა, ეჭვგარეშეა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი მანქანის განვითარებაზე ფიქრობს და მას მსოფლიოს ყველაზე მაგარი მანქანების სიებში ჩაწერს.
ყველას გვახსოვს, რომ ერთი წლის წინ, Tesla-მ Model S Plaid-ის რამდენიმე პროტოტიპი ნიურბურგრინზე გაიყვანა, რათა წრეებზე რბოლის მსოფლიო რეკორდი ჩამოერთმია Porsche Taycan-ისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პროტოტიპი მართლაც სწრაფი ჩანდა, კომპანიას შედეგები არ გამოუქვეყნებია. ეს კი დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ მან Porsche-ს დროში ვერ აჯობა ანდაც იმას, რომ Tesla ნიურბურგრინზე დადებულ შედეგებს წლის ბოლოს წარმოადგენს, როდესაც Model S Plaid-ის დებიუტი შედგება.
Roadster-ის ტექნიკური მახასიათებლები დიდი ალბათობით 2017 წლის ნოემბრის პროტოტიპის შემდეგ შეიცვალა, მაგრამ როგორც Tesla აცხადებს, 96 კმ/სთ სიჩქარეს ის 2 წამზე ნაკლებ დროში განავითარებს. ამას გარდა, ახალ Roadster-ს Tesla გაყიდის SpaceX პაკეტის სახითაც.