ჩინეთი ელექტრომობილების იმაზე მეტი ბრენდის სამშობლოა, ვიდრე სხვა ნებისმიერი ქვეყანა; ერთ-ერთ ასეთ უახლეს ბრენდს სახელად Neta ჰქვია. ელექტრომანქანების ეს მწარმოებელი კომპანია Hozon Auto-ს ქოლგის ქვეშ არის გაერთიანებული და ამჟამად მიმდინარე პეკინის ავტოშოუზე მან წარმოადგინა გასაოცარი კონცეპტი, სახელწოდებით Eureka 03.
კონცეპტი გვიჩვენებს საშუალო დიაპაზონის მომავალ ელექტრო სედანს, რომლითაც Neta კონკურენციას გაუწევს კიდევ ერთ ჩინურ ბრენდს, Xpeng P7-ს და ამერიკულ Tesla Model 3-ს. აღსანიშნავია, რომ Eureka 03-ს გაცილებით თვალისმომჭრელი დიზაინი აქვს, ვიდრე ამ ორს.
წინა მხარეს შენიშნავთ დამაინტრიგებელ LED ფარებსა და Y-ის ფორმის დღისით მოძრაობის ფარებს. წინა ბამპერის შუაში, დიდ, განათებულ V-სთან ისინი ერთმანეთს უერთდება.
პრიალა დიზაინი და მოხრილი ფორმა გვერდიდან შეხედვისას კიდევ უფრო განსაკუთრებით შესამჩნევია. მაგალითად, ტრადიციული გვერდითა სარკეების ნაცვლად დაყენებულია პატარა კამერები, ფუტურისტული დისკები კი აეროდინამიკას აუმჯობესებს.
საინტერესო შესახედაობა უკანა მხარესაც გრძელდება, სადაც ნახავთ აგრესიულ გაბარიტულ ფარებსა და LED განათების ბარს. იქვეა ვერტიკალური სამუხრუჭე სამი ფარი და უკანა სპოილერი, რომელიც დიდად არ განსხვავდება Mercedes-AMG GT 63 S-ის ანალოგიური მახასიათებლისგან.
კონცეპტის ძალური გადაცემის სისტემის ტექნიკურ დეტალებს Neta ჯერ არ ამხელს, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ 100 კმ/სთ სიჩქარეს მანქანა 4 წამში განავითარებს და ერთი დატენვით 800 კილომეტრს გაივლის. კომპანიის განცხადებით, ავტომობილს ექნება მეოთხე დონის ავტონომიური მართვის სისტემა.
საწარმოო მოდელი ჩინეთის ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდება.