Volvo-მ დააპატენტა სისტემა, რომელიც ავტომობილის საჭეს და მის საზომ ხელსაწყოთა ბლოკს სალონის ერთი მხრიდან მეორეზე გაცურების საშუალებას აძლევს.
შვედურმა ავტომწარმოებელმა აშშ-ის სავაჭრო ნიშნების ოფისში საპატენტო განაცხადი 2019 წლის დასაწყისში შეავსო, მაგრამ ის მხოლოდ ახლახან, სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნდა. ალბათ სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმისას ჰგავს ავტომობილი, რომლის საჭეც შეგვიძლია მარცხნიდან მარჯვნივ გავაცუროთ, მაგრამ ავტონომიური ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, Volvo-მ ეს მართლაც შეიძლება აქციოს რეალობად.
პატენტში აღწერილია, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ე. წ. by-wire კომპონენტები, მათ შორის საჭის, მუხრუჭისა და აქსელერატორის ისე, რომ არ არსებობდეს ფიზიკური კავშირი მაკონტროლებელსა და მის მიერ მართულ სისტემებს შორის. ეს კი მძღოლს საშუალებას მისცემს, საჭე და საზომ ხელსაწყოთა ბლოკი მგზავრის მხარეს გააცუროს, თუკი ეს ორივეს სურთ. საჭის განთავსება შესაძლებელი იქნება მანქანის ცენტრშიც, ცენტრალური მართვის პოზაში, McLaren F1-ის მსგავსად.
რაც შეეხება პედლებს, Volvo-ს სისტემამ შესაძლოა გამოიყენოს წნევისადმი მგრძნობიარე ქვესადებები, ჰიდრავლიკურად ან პნევმატურად ამოქმედებადი სენსორები, რომლებიც ორივე წინა ადგილზე განთავსდება. სისტემა ავტომატურად გაააქტიურებს საჭის მხარეს მდებარე ასეთ სენსორებს.
ასეთი გამოსავალი ნიშნავს იმას, რომ Volvo-ს აღარ მოუწევს მარჯვენა და მარცხენა საჭიანი მოდელების ცალ-ცალკე დამზადება სხვადასხვა ბაზრებსთვის, რითაც მნიშვნელოვნად დაზოგავს ხარჯებს.