როგორც ჩანს, Mercedes-მა ახალ SL როდსტერზე გამალებული მუშაობა დაიწყო, რაზეც მიუთითებს რამდენიმე სხვადასხვა პროტოტიპის დაფიქსირება ქუჩებში და ახლა უკვე ნიურბურგრინგის ტრასაზე. პირველად მის დიდებულ ისტორიაში, SL-ს Mercedes-AMG შექმნის.
უახლესი პროტოტიპი საკმაოდ ჰგავს წინა SL პროტოტიპის ინტერნეტში გაჟონილ თიზერებს. ერთადერთი განსხვავება, თუ არ ჩავთვლით ოთხ გამოსაბოლქვ მილს, არის კამუფლაჟირებული მახასიათებლები სახურავსა და ბორბლებზე.
უფრო მეტიც, ერთ-ერთ პროტოტიპს ორი სხვადასხვა დიზაინის ბორბლით ტესტავდნენ.
გარდა საერთო არქიტექტურისა, მოსალოდნელია, რომ SL-სა და GT-ს საერთო ექნებათ ისეთი მახასიათებლები, როგორებიც არის – ღერძის წყებები, საკიდრები, საჭის სისტემა, 48V ელექტრო არქიტექტურა და ჰიბრიდული ძალური გადაცემის სისტემა. ორივე მათგანი გერმანიის ქალაქ ზინდელფინგენის საწარმოში აიწყობა.
ამასობაში კი, ანონიმურმა წყარომ გამოცემა Autocar-ს აცნობა, რომ SL-ს ექნება უფრო გრძელი კაპოტი და უკან მიმართული სალონი.
დიაპაზონში შეიძლება იყოს SL 43 ვარიანტი 3.0 ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავით, რომელიც Mercedes-ის სხვა მოდელებში 367 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას სავარაუდოდ მოჰყვება SL 53 და 53e 3.0 ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ტურბოძრავით, რომელსაც დაემატება ელექტრო კომპრესორიც და ექნება 440 ცხენის ძალა.
შემდეგი იქნება SL 63 / 63 S; გავრცელებული ინფორმაციით, ამ უკანასკნელს ორმაგი ტურბო V8 ექნება 604 ცხენის ძალით. თუმცა, ამ ეტაპზე ოფიციალურად ჯერ არაფერია ცნობილი. ვრცელდება კიდევ ერთი ცნობა წარმოუდგენლად მძლავრი SL 73e და SL 63 მოდელების შესახებ, რომლებსაც V8 ტურბო და ელექტროძრავები ექნებათ 800 ცხენის ძალით; რა თქმა უნდა, ოთხივე თვალი წამყვანი იქნება.