თითქმის ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკანასკნელმა Hummer-მა ქარხანა დატოვა, მაგრამ ბრენდი ახლა იმაზე ძლიერი ბრუნდება, ვიდრე არასდროს.
General Motors Truck Company-ს მიერ წარმოდგენილი სრულად ელექტრო, 2022 წლის Hummer-ი ყველასათვის საყვარელი ბრენდის დაბრუნებას გვაუწყებს და გარკვეულ მინიშნებებს გვაძლებს General Motors-ის ელექტრო მომავლის შესახებაც.
წინა მოდელებისგან განსხვავებით, GMC Hummer EV-ს აქვს მინიმალისტური ცხაურა, რომელსაც აქეთ-იქიდან ამშვენებს მოხდენილი LED ფარები. თუმცა, ისინი წინა ნაწილის მეორეხარისხოვანი დეტალებია, რადგან იქ დომინირებს მასიური ბამპერი და საბუქსირე ფირფიტა, რომელიც მოდელის ოფროუდ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს.
რაც შეეხება უკანა ნაწილს, იქ გამოკვეთილი ფრთის თაღის საფართოებელი პანელები და მოკლე საქარე მინა დაგხვდებათ. მოდელს ასევე აქვს შედარებით ბრტყელი სახურავი მოხსნადი პანელებით.
პანელები გამჭვირვალეა და მოხსნის შემთხვევაში, შესაძლებელია საბარგულში შენახვა. მიუხედავად იმისა, რომ საქარე მინა Jeep Gladiator-ის მსგავსად დაბლა არ იკეცება, შესაძლებელია უკანა მინის ელექტრონულად ჩაწევა.
უკან შენიშნავთ LED გაბარიტულ ფარებსა და ზემძლავრ ბამპერს D რგოლებით. მოდელს ასევე აქვს ექვსი პოზიციის მქონე MultiPro გადასახსნელი ბორტი საბარგულის ავტომატიზებული საფარი.
გამომდინარე იქიდან, რომ ოფროუდისთვის არის განკუთვნილი, პიკაპი აღჭურვილია Goodyear Wrangler All Territory MT-ის 35-ინჩიანი საბურავებით. შედეგად, მოდელს შეუძლია გადალახოს 46 სმ სიმაღლის ვერტიკალური დაბრკოლებები და გაიაროს 61 სმ სიმაღლის წყალში. თუ ეს ყველაფერი საკმარისად შთამბეჭდავი არ არის, გეტყვით იმასაც, რომ მანქანას შეგიძლიათ დაუყენოთ უფრო დიდი, 37-ინჩიანი საბურავებიც.
სალონში დაგხვდებათ საზომ ხელსაწყოთა 12,3 ინჩიანი ციფრული ბლოკი და საინფორმაციო სისტემის 13,4 ინჩიანი მოძრავი დისპლეი. ამ უკანასკნელს მარტივი წვდომა აქვს Hummer-ის UltraVision სისტემასთან, რომელიც აღჭურვილია 18 სხვადასხვა კამერის ხედით. მათ შორის არის როგორც „ვირტუალური მზღვეველები“, ისე ძარისქვეშა კამერები დაბრკოლებათა თავიდან ასაცილებლად.
საინფორმაციო სისტემა ასევე გამოიტანს იმ ოფროუდ ვიჯეტებს, რომლებიც იძლევიან ინფორმაციას რელიეფის მდგომარეობისა და მანქანის ფუნქციების შესახებ. GMC-ის განცხადებით, მათ შორის იქნება ინფორმაცია ბლოკირების ჩართულობის, საბურავის წნევის, ორმოებისა და განივი დახრის კუთხის შესახებ.
მანქანა აღჭურვილი იქნება ნახევრად ავტონომიური მართვის სისტემა Super Cruise-ის უახლესი ვერსიით, რომელიც უპილოტო მართვის საშუალებას იძლევა აშშ-ისა და კანადის გარკვეულ ავტომაგისტრალებზე.
ენერგიას მოდის სამი ძრავისგან, რომლებიც ჯამში 1000 ცხენის ძალას და 15 592 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებენ. შედეგად, ოთხივე წამყვანი თვლის მქონე პიკაპი 96 კმ/სთ სიჩქარეს დაახლოებით სამ წამში ავითარებს, როდესაც Watts to Freedom გამშვების კონტროლის სისტემას იყენებს.
ძრავებს კვებავს Ultium ბატარეების წყება, რომელთა წყალობითაც, ერთი დატენვით მანქანა 563 კილომეტრს ფარავს. ბატარეების დატენვის მოცულობა 350 კილოვატია და 161 კმ მანძილის დაფარვისთვის საჭირო მუხტისთვის ათწუთიანი დატენვაც საკმარისია.
პიკაპისთვის ასეთი რიცხვები მართლაც ძალიან დიდია, მაგრამ შთამბეჭდავი მახასიათებლები ამით არ სრულდება. როგორც კომპანიამ წარსულშიც გვამცნო, Hummer EV აღჭურვილია ოთხივე თვლის საჭით მართვის სისტემით, რომელიც დაბალ სიჩქარეზე წინა და უკანა ბორბლის ერთნაირი კუთხით მიმართვის საშუალებას იძლევა, ეს კი მანქანის დიაგონალურად მართვის საშუალებას გვაძლევს. GMC-ის განცხადებით, ეს მახასიათებელი ძლიერ მანევრირებადობას უზრუნველყოფს რთულ რელიეფზე.
რაც შეეხება მაღალ გამავლობას, მანქანას ექნება ადაპტური პნევმატური საკიდარი Extract რეჟიმის ხელმისაწვდომობით. ეს კი საკიდარს ექსტრემალურ რელიეფზე 15 სანტიმეტრით აწევის საშუალებას აძლევს.
Hummer EV-ის გამოშვება Edition 1 კომპლექტაციის სახით დაიწყება და 112 595 დოლარი ეღირება.
ბაზარზე გასვლიდან ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის შემოდგომაზე, კომპანია გამოუშვებს Hummer EV 3X-ს, რომლის ფასიც 99 995 დოლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ სამძრავიან სისტემას ისიც შეინარჩუნებს, მაგრამ ექნება შედარებით ნაკლები სიმძლავრე — 800 ცხენის ძალა და 12 880 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი. 483 კმ-მდე იქნება შემცირებული იქნება პიკაპის ერთი დამუხტვით გარბენის მანძილიც.
2023 წლის გაზაფხულზე, GMC გამოუშვებს 2X ვარიანტს 89 995 დოლარად. მას ორი ძრავა ექნება ჯამში 625 ცხენის ძალით; მიუხედავად ამისა, ერთი დამუხტვით მისი გარბენის მანძილი მაინც 483 კმ იქნება.
2024 წლის გაზაფხულზე კომპანია საბაზისო მოდელსაც გაუშვებს, 79 995 დოლარად. მასაც ორი ძრავა ექნება, მაგრამ გარბენის მანძილი მხოლოდ 402 კმ.
GMC Hummer EV მიჩიგანის შტატში, საწარმო Factory Zero-ში აიწყობა და ბაზარზე მომავალი წლის ბოლოს გავა. სულ რაღაც 100 დოლარად, კომპანიამ ჯავშნების მიღება უკვე დაიწყო.