სტანდარტული R 18-ის მსგავსად, Classic-საც რეტროთი შთაგონებული დიზაინი აქვს, რითაც ის R 5 ბაიკს მოგვაგონებს. თუმცა, აქვს დამატებითი LED ფარები, საქარე მინა და 16-ინჩიანი წინა თვალი. მოდელი ასევე აღჭურვილია მგზავრის ადგილითა და გადმოკიდებული ჩანთებით.
მომხმარებლებს, რომლებიც რაღაც უფრო უნიკალურს ეძებენ, შეუძლიათ აირჩიონ R 18 Classic First Edition ვარიანტი. ის შავი ექსტერიერით, თეთრი აქცენტებითა და ქრომის დეტალებით გამოირჩევა. მოდელს გვერდებზე ასევე აქვს ემბლემა First Edition.
სტანდარტული მოდელის მსგავსად, R 18 Classic-ი აღჭურვილია 1.8 ლიტრიანი ორცილინდრიანი „big boxer“ ძრავით, რომელიც 90 ცხენის ძალას და 150 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.
რაც შეეხება BMW R nineT-ს, მას განახლებული boxer ძრავა აქვს ახალი ცილინდრის თავებითა და ტურბულენტობის სისტემით, რაც უფრო სუფთა წვასა და ბრუნვის ზრდას განაპირობებს. ამ ცვლილების წყალობით, მოდელი ახლა უკვე აკმაყოფილებს გამონაბოლქვის EU-5 სტანდარტის მოთხოვნებს.
გარდა იმისა, რომ უფრო ეკო-მეგობრულია, ძრავა გამოიმუშავებს 108 ცხენის ძალას 7250 rpm-ზე, ნაცვლად წინა ვარიანტისა, რომელიც ამავე ოდენობის ცხენის ძალას 7750 rpm-ზე გამოიმუშავებდა. მართალია, სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ როგორც BMW აღნიშნავს, „ენერგიის გაწევის დონე ახლა აშკარად უკეთესია“. უცვლელი რჩება მაბრუნი მომენტი — 116 ნიუტონ-მეტრი.
სხვა განახლებებს შორის არის ახალი ამორტიზატორი, ABS Pro და „წვიმისა“ და „გზის“ მართვის ახალი რეჟიმები. მომხმარებლებს დახვდებათ LED ფარები და USB პორტიც.