Mercedes-AMG GT 63 S-ის რუსმა მფლობელმა თავისი მდიდრული ოთხკარიანი მანქანა გერმანული ავტომწარმოებლისადმი პროტესტის ნიშნად დაწვა.

ამ კონკრეტული GT 63 S-ის მფლობელი რუსი ვლოგერი მიხაილ ლიტვინი იყო, რომელსაც YouTube-ზე 5 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. გამოქვეყნებიდან ერთ დღეში, მანქანის დაწვის ვიდეოს უკვე 8 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიტვინს Mercedes-ის ძვირად ღირებულ მოდელს გარკვეული პრობლემები ჰქონდა და როგორც თავად ამბობს, ხუთჯერ გააგზავნა Mercedes-ის ადგილობრივ სადილერო პუნქტში, სადაც დილერმა მას შეკეთებაზე ხუთჯერვე უარი უთხრა (რა თქმა უნდა, ეს ამბავი ძალიან ძნელად დასაჯერებელია).

მიუხედავად მიზეზისა, ვიდეოში ჩანს ბალახით დაფარული მინდვრის შუაგულში მდგარი GT 63, რომლის საბარგულიდანაც ვლოგერი ჭურჭლით ბენზინს იღებს, ასხამს გარედან და შიგნიდან, ამის შემდეგ კი ბენზინს ბალახზე გრძელი კვალის სახით ასხამს, რომელიც მანქანისკენ მიემართება. დანარჩენი ბენზინით იქვე ბარბექიუზე სოსისებს წვავს, შემდეგ კი ბენზინმოსხმულ ბალახს ცეცხლს უკიდებს.

როგორც არ უნდა დაიჟინოს ვლოგერმა, რომ მანქანა Mercedes-ისადმი პროტესტის ნიშნად დაწვა, აშკარაა, რომ მან ეს უბრალოდ საზოგადოების ყურადღების მიქცევისა და YouTube-ზე ნახვების დასაგროვებლად დაწვა. ბევრი ნახვისა და გამომწერის მიზიდვის შემთხვევაში, ის საკმაოდ მარტივად იყიდის ახალ, შეიძლება უკეთეს მანქანასაც.

აღსანიშნავია, რომ პოპულარული რუსი იუთუბერების მხრიდან Mercedes-Benz-ის განადგურების პირველი შემთხვევა არ არის. შარშან, სოციალური მედიის კიდევ ერთმა ინფლუენსერმა G63 ვერტმფრენიდან ჩამოაგდო.