Lexus-ის ევროპის განყოფილების ცნობით, ადგილობრივ ბაზარზე 1990 წლიდან დღემდე 1 მილიონი მანქანა გაყიდა.
ეს მომენტი გასულ თვეში დაფიქსირდა, ევროპაში პირველი მოდელის, LS 400-ის შეტანიდან 30 წლის შემდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მოდელი 1990 წელს 1158 ერთეული გაიყიდა.
„დასაწყისი შეიძლება მოკრძალებული გახლდათ, მაგრამ ეს გახდა პრემიუმ მანქანების ბაზრის ტრანსფორმაციის დასაწყისი; LS-მა ხელახლა დააწესა, როგორი უნდა იყოს მაღალი კლასის მანქანა შესრულების, ეფექტიანობისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით“, — აღნიშნავს ავტომწარმოებელი.
Lexus-ის ბესტსელერი იყო RX-ი, რომელიც 2000-იანი წლების შუაში მსოფლიოს პირველი ჰიბრიდული მდიდრული SUV-ი გახდა და გაიყიდა 289,284 ერთეული; მას მოსდევს IS-ი 202,210 მანქანით და NX-ი 155,366 ეგზემპლარით.
Toyota-ს მაღალი კლასის მანქანების ბრენდმა ასევე გაყიდა 97,637 CT, 74,998 GS, 58,234 LX და 39,059 LS.
Lexus-ის მიერ გასული 30 წლის განმავლობაში ევროპაში გაყიდული მილიონი მანქანიდან 45 პროცენტი ჰიბრიდი იყო. შედარებისათვის გეტყვით იმასაც, რომ დასავლეთ ევროპაში კომპანიის გაყიდვების 96 პროცენტი დღეს ელექტრიფიცირებულ მანქანებზე მოდის.
Lexus Europe-ის დასავლეთის ბაზარი მოიცავს ევროკავშირის ქვეყნებს, გაერთიანებულ სამეფოს, ნორვეგიას, ისლანდიას და შვეიცარიას; აღმოსავლეთის ბაზარში კი შედის კავკასიის რეგიონი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, თურქეთი და ისრაელი.