Bugatti-მ რბოლაზე ორიენტირებული ახალი, ექსტრემალური ჰიპერქარი Bolide წარმოადგინა, რომელსაც უპრეცედენტო კუთრი სიმძლავრე (ძრავის სიმძლავრის შეფარდება ავტომანქანის მასასთან) აქვს, სულ რაღაც 0,67 კგ PS-ზე.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ Bugatti Bolide ექსპერიმენტული დიზაინია, ყოველ შემთხვევაში, ამ დროისათვის. მწარმოებელმა ის სავარჯიშოს სახით შექმნა, რათა ენახა, როგორი იქნებოდა მის სახელგანთქმულ 8.0-ლიტრიან W16 ძრავაზე დაშენებული რადიკალურად მსუბუქი მანქანა. როგორც Bugatti-ს აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ვინკელმანი აღნიშნავს, Bolide-ს აქვს „მხოლოდ ოთხი ბორბალი, ძრავა, გადაცემათა კოლოფი, საჭე და ორი მდიდრული სავარძელი“.
ძლიერ მოდიფიცირებული W16 გამოიმუშავებს 1824 ცხენის ძალას და ასევე შთამბეჭდავ, 1850 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს. Bolide-ის სუფთა წონა სულ რაღაც 1240 კგ-ია და ალბათ ადვილი მისახვედრია, რატომ არის მისი შესრულება თითქმის ისეთივე, როგორიც ფორმულა ერთის მანქანისა.
იმისათვის, რათა ასეთი მსუბუქი ყოფილიყო, Bugatti-მ გამოიყენა მხოლოდ ტიტანის ჭანჭიკები და სხვა სამაგრი ელემენტები, 3D პრინტერზე დაბეჭდილი ტიტანის დისკები, კერამიკის მუხრუჭები და საფარი, ბევრი ნახშირბადის ბოჭკო მონოკოკში და სხვა კომპონენტებში. კომპანია მანქანას აღწერს, როგორც „ყველაზე ექსრტრემალურ, უკომპრომისო, სწრაფ და მსუბუქ მანქანა კონცეპტს საკუთარ უახლეს ისტორიაში“; მართლაც, Bugatti Bolide-ს შეუძლია თეორიულად განავითაროს 500 კმ/სთ სიჩქარე.
Bugatti-ს სიმულაციების მიხედვით, Bolide 0-100 კმ/წმ-ს 2,17 წამში ავითარებს, 0-200 კმ/სთ-ს 4,36 წამში, 0-300 კმ/სთ-ს 7,37 წამში, 0-400 კმ/სთ-ს 12,08 წამში და 0-500 კმ/სთ-ს 20.16 წამში! Bugatti-ს განცხადებით, Bolide-ს ლე მანის ტრასა სარტასთვის ერთი წრის დასარტყმელად 3:07,1 წუთი სჭირდება.
ამ ეტაპზე უცნობია, გახდება თუ არა Bolide შეზღუდული სერიული წარმოების მანქანა. Bugatti-ს განცხადებით, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.