Nissan-ი დარწმუნებულია, რომ 2021 წლის Rogue გაცილებით უკეთესია, ვიდრე Toyota RAV4 და ამის დასამტკიცებლად, პოტენციურ მომხმარებლებს დეკემბერში კონკურენტი მოდელის ტესტ-დრაივებს შესთავაზებს.

ავტომწარმოებელს იმედი აქვს, რომ აშშ-ში მისი 1074 სადილერო პუნქტი ამ უჩვეულო სტრატეგიას შეუერთდება.

გამოცემა AutoNews-ი აქვეყნებს Nissan-ის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის, ჯუდი ვილერის მიერ დილერებისთვის გაგზავნილ ვიდეოშეტყობინებას, რომელშიც ის ამბობს: „ვიცით, რომ როდესაც მომხმარებლები ახალ Rogue-ს RAV4-თან ერთად შეამოწმებენ, მოიხიბლებიან ჩვენი სტანდარტით, მოწინავე ტექნოლოგიით, პრემიუმ დიზაინით და რაც მთავარია, ზოგადი ღირებულებით“.

გარდა ამისა, ვილერმა AutoNews-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ როდესაც მომხმარებელი მათ მანქანას სხვა ძირითად კონკურენტებთან ერთად მოსინჯავს, საბოლოოდ სწორედ მათ ავტომობილს შეიძენს, რადგან დაინახავს, რომ ის გაცილებით უკეთესია.

Toyota-მ უკვე იცის, რომ Nissan-ი უფრო მეტი Rogue-ის გასაყიდად ნაქირავები RAV4-ების გამოყენებას აპირებს და მათ ასეთ საქციელს ავტომწარმოებელმა „მლიქვნელური“ უწოდა.

„დარწმუნებული ვართ, რომ მათი დილერები და მომხმარებლები დააფასებენ ხარისხს, ღირებულებას, უნივერსალურობისა და უსაფრთხოების იმ მახასიათებლებს, რომელთა წყალობითაც, RAV4 ნომერი პირველი გაყიდვადი კომპაქტური SUV-ია აშშ-ში“, — ამბობს Toyota-ს გაყიდვების ხელმძღვანელი ბობ კარტერი.

2021 წლის Nissan Rogue-ს ფასი 25 650 დოლარიდან იწყება. აღჭურვილია 2.5 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელიც 181 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

2021 წლის Toyota RAV4-ის ფასი კი 26 050 დოლარიდან იწყება. საბაზისო მოდელი აღჭურვილია 2.5 ლიტრიანი ოთხცილინდიანი ძრავით, რომელსაც 203 ცხენის ძალა აქვს და დაკავშირებულია რვასიჩქარიან გადაცემათა კოლოფთან.