მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიშის წარდგენისას, Mazda-მ თავის მომავალი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავის კადრებიც გვაჩვენა, მაგრამ კომპანიის პრეზენტაციაზე ერთი საინტერესო რამ კიდევ მოხდა.
გამომდინარე იქიდან, რომ გაყიდვები 21 პროცენტით შეუმცირდა და 501,8 მილიონი დოლარის ზარალიც მიიღო, სულაც არაა გასაკვირი, რომ Mazda-ს ფულის დაზოგვა სურს. შესაბამისად, კომპანია ხარჯების შემცირებას განაგრძობს და სხვა ავტომწარმოებლებთან კავშირებს აძლიერებს.
ბრენდის ღირებულების გაზრდა Mazda-ს უნიკალურ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებში ინვესტირებითაც სურს. ამის მაგალითია ისიც, რომ კომპანია ინვესტიციას დებს გრძივ არქიტექტურაში, რომელიც მომავალ ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავას გამოიყენებს. პრეზენტაციაზე ასევე გაკეთდა მინიშნება, რომ იქნება მომავალი სისტემის ბენზინის, დიზელისა და Skyactiv-X ვარიანტები.
პლატფორმას ასევე ექნება ოთხივე წამყვანი თვლის მხარდაჭერა, ისევე როგორც მაილდ-ჰიბრიდი და დატენვადი ჰიბრიდი სისტემები. პატარა მოდელები კი მიიღებენ მრავალ ელექტრიფიცირებულ ტექნოლოგიას როტაციული ძრავის ტექნოლოგიის გამოყენებით.
გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანია დაიწყებს ელექტრომობილების წარმოებას და შექმნის მათთვის ექსკლუზიურ პლატფორმას. Mazda ასევე ფოკუსირდება ავტონომიური მართვის სისტემაზე.
კომპანია გეგმავს, რომ გაყიდვები აშშ-ში 450 000 ერთეულამდე გაზარდოს. ამისათვის აშენდება შემდეგი თაობის სადილერო პუნქტები და გააძლიერებს პარტნიორობას Toyota-სთან, რომელთან ერთადაც აშშ-ში, ალაბამის შტატში ერთობლივ ქარხანას აშენებს.
Mazda ჯერ არაფერს ამბობს, კონკრეტულად რა მოდელებს გამოუშვებს ამ ქარხანაში, მაგრამ უკვე განაცხადა, რომ ეს იქნება ქროსოვერი, წელიწადში 150 000 ერთეულის წარმოების ტევადობით. ამის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ პრეზენტაციაზე დადასტურდა, რომ ამ ქროსოვერს Toyota-ს ჰიბრიდული სისტემა ექნება.
Mazda ასევე შემოგვთავაზებს მანქანას, რომელიც როგორც ჩანს, უბრალოდ ემბლემაშეცვლილი Toyota Yaris-ი იქნება. ამ დროისათვის ამ მოდელის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ ის ჰიბრიდი იქნება და ევროპაში გაიყიდება.