თქვენ წინაშეა ევროპის 2021 წლის Camry ჰიბრიდი, Toyota-ს სედანის გაუმჯობესებული ვერსია, რომელსაც რამდენიმე განახლება აქვს როგორც შიგნიდან, ისე გარედან.

განახლებულ Camry ჰიბრიდს აქვს დიზაინშეცვლილი წინა ნაწილი, რომელიც მოიცავს განახლებულ ბამპერს და ახალი დიზაინის ზედა და ქვედა ცხაურებს. ქვედა ცხაურის გისოსები გვერდებზე უფრო განივრად ვრცელდება, რათა 2021 წლის Camry-ს შესახედაობა უფრო დინამიკური და განიერი იყოს.

გარდა ამისა, Toyota-მ დაამატა ახლად შექმნილი 17 და 18-ინჩიანი ალუმინის დისკები, ახალი რუხი ფერის საღებავი და სხვა ფერის LED გაბარიტული ფარები.

2021 წლის Camry ჰიბრიდს ასევე აქვს საინფორმაციო სისტემის ახალი, 9-ინჩიანი „მცურავი“ სენსორული დისპლეი, რომელიც ერგონომიულობის გაზრდის მიზნით ხელსაწყოთა პანელზე ახლა უფრო მაღლაა განთავსებული. ახალ სისტემას აქვს ფიზიკური ღილაკები და ციფერბლატი, რაც მართვის ყველა გარემოში მის გამოყენებას აადვილებს და გამოირჩევა სწრაფი პროგრამული უზრუნველყოფით, ისევე როგორც ეკრანის უკეთესი რეაგირებით; სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი Apple CarPlay და Android Auto სისტემები.

2021 წლის Camry ჰიბრიდის მომხმარებლებს ევროპაში შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ სავარძლებზე ტყავის ორ ახალ გადასაკრავს შორის — ჩალისფერი ან შავი. ტყავის გადასაკრავებს აქვს ჰაერის შეღწევისა და ვენტილაციის უნარიც.

იაპონურმა ავტომწარმოებელმა მანქანაში გამოიყენა Toyota Safety Sense სისტემის უახლესი ვერსია უსაფრთხოების ფართო დიაპაზონით, რომელშიც გამოირჩევა განახლებული შეჯახებამდელი სისტემა (Pre-Collision System) დღისით მომდინარე მანქანის დაფიქსირების ფუნქციით, საგანგებო საჭის დამხმარით (Emergency Steering Assist) და გზაჯვარედინზე მოხვევის დამხმარით. ავტომობილი ასევე აღჭურვილია ჭკვიანი ადაპტური კრუიზ-კონტროლით, რომელიც საგზაო ნიშნების დამხმარესა და ზოლის შეცვლის დამხმარესთან ერთად მუშაობს.

Toyota-ს არაფერი შეუცვლია Camry ჰიბრიდის თვითდატენვად ელექტრიფიცირებულ ძალური გადაცემის სისტემაში, რომელიც მოიცავს 2.5-ლიტრიან ოთხცილინდრიან ძრავას და ელექტროძრავას, ჯამში 215 ცხენის ძალით.