ჯაშუშმა ფოტოგრაფებმა 2022 წლის BMW X7 კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, ამჯერად არა ტრაილერზე მოთავსებული, არამედ მიუნხენის ქუჩებში სიარულისას.
შუალედური ციკლის განახლების ერთ-ერთი თვალშისაცემი მახასიათებელია წინა ნაწილი. განახლებულმა წინა ფარებმა ცოტა დაბლა გადაინაცვლეს, მოდიფიცირებული ჩანს ცხაურაც. სრულიად ახალია კაპოტი და ბამპერი, განახლებულია ქვედა ჰაერმიმღები და ინტეგრირებული სანისლე ფარებიც.
მიუხედავად იმისა, რომ კამუფლაჟებით არის დაფარული, უკანა ნაწილი უცვლელი ჩანს. გაბარიტული ფარები იგივე გრაფიკის ჩანს და ერთმანეთთან დაკავშირებულია ქრომის ფირფიტით; იგივეა საბარგულის კარი და ბამპერიც. მიუხედავად ამისა, ის ჯერ მაინც პროტოტიპია და საწარმოო მოდელში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს; მისი დებიუტი მომავალი წლის ბოლოს ან 2022 წელს შედგება.
ცოტაოდენ განახლებებს უნდა ველოდოთ ინტერიერშიც. მათ შორის შეიძლება იყოს ახალი პროგრამული უზრუნველყოფა საინფორმაციო სისტემისთვის და საზომ ხელსაწყოთა ციფრული ბლოკი, ახალი გადასაკრავები და კომპლექტაციის არჩევანი. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია, რადგან ფოტოგრაფებმა განახლებული X7-ის ინტერიერის გადაღება ვერ მოახერხეს.
დიდი ალბათობით, ხაზის ლიდერი ვარიანტი დარჩება X7 M50i და წარმოდგენილი იქნება სულ მცირე ერთი დატენვადი ჰიბრიდი ვარიანტიც.