კომპანიასთან დაახლოებული ანონიმური წყაროს ცნობით, Volkswagen-ი Passat სედანს არა მხოლოდ აშშ-ის ბაზრიდან, არამედ ევროპიდანაც ამოიღებს, რათა მთელი ყურადღება ელექტრომობილებსა და SUV-ებზე გადაიტანოს.

როგორც გამოცემა Autonews Europe იუწყება, 2023 წლის ბოლოდან გერმანული ავტომწარმოებელი მხოლოდ Passat უნივერსალს შეინარჩუნებს და ის გერმანიის ბაზარზეც იქნება წარმოდგენილი.

რაც არ უნდა იყოს, ეს ცნობა ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ ჭორად ჩავთვალოთ, რადგან წყარო უცნობია და თანაც, Passat-ი ევროპის ბაზარზე გაყიდვების ნომერ პირველ არაპრემიუმ საშუალო ზომის მოდელად რჩება; მაგალითად, მხოლოდ ოქტომბერში გაიყიდა 88 478 ერთეული. ამ მარკას მიღებული აქვს მრავალი ჯილდოც, მათ შორის „2019 წლის საუკეთესო კომპანიის მანქანა“.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ VW Passat-ს აშშ-ის ბაზარზე აღარ შეიტანს, რაც უფრო ლოგიკური გადაწყვეტილება, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2020 წლის პირველ სამ კვარტალში იქ მხოლოდ 16 190 ერთეული გაიყიდა. ამასთან, აზრს მოკლებული ჩანს მისი ამოღება ევროპის ბაზრიდან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამ მოდელის წარმოება ბრატისლავის ქარხანაში გადაინაცვლებს.

მიუხედავად ამისა, VW-სთან დაახლოებული კიდევ ერთი წყარო იუწყება, რომ Passat სედანის ამოღებით კომპანია შეამცირებს შიდა კონკურენციას VW ბრენდსა და Skoda-ს შორის და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საშუალო ზომის მოდელის მყიდველთა სამიზნედ უფრო Superb-ი აქციოს.

ამჟამად Volkswagen-ი Passat-ს გერმანიის ქალაქ ემდენის ქარხანაში აწარმოებს, რომელიც მალე მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადაერთვება; მათ შორის იქნება ქროსოვერი ID.4 და საშუალო ზომის ელექტრო სედანი Aero B.