ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება „ტრანსპორტი და გარემო“ (T&E) ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს, შეწყვიტონ დატენვადი ჰიბრიდების (plug-in) სუბსიდირება და საგადასახადო შეღავათები. ამის მიზეზად მოჰყავთ დამოუკიდებელი ტესტირებები, რომლებიც აჩვენებს, რომ ამ ტიპის ჰიბრიდები იმაზე მეტ CO2-ს გამოყოფს, ვიდრე ამას ავტომწარმოებლები არეკლამებენ.
ტესტირებები კომპანია Emissions Analytics-მა ჩაატარა და მასში მონაწილეობდა სამი დატენვადი ჰიბრიდი SUV-ი — BMW X5, Volvo XC60 და Mitsubishi Outlander PHEV. მიუხედავად ოპტიმალური გარემოსი, შედეგები არც თუ ისე იმედისმომცემი აღმოჩნდა.
„დატენვადი ჰიბრიდები ფეიკი ელექტრომობილებია, რომლებიც ლაბორატორიული ტესტებისა და საგადასახადო შეღავათებისთვის იწარმოება და არა რეალური მართვისთვის. მთავრობებმა გადამხდელთა ჯიბეებიდან ამ მანქანების მილიარდებით სუბსიდირება უნდა შეწყვიტონ“, — ამბობს T&E-ს ხელმძღვანელი ჯულია პოლისკანოვა.
Volvo-ს პრესსპიკერმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ მათი მანქანები ელექტრიფიცირებულია და სრულად აკმაყოფილებს გამონაბოლქვის შესახებ ამჟამად არსებულ კანონმდებლობას. Mitsubishi-ს პრესსპიკერის განცხადებით კი, დამოუკიდებელი ტესტირებები შეიძლება არასაიმედო იყოს და ცვალებადი რიცხვები მოგვცეს გარემოს შესაბამისად. მისივე თქმით, ისინი მზად არიან მიიღონ ტესტირების ნებისმიერი ისეთი მეთოდოლოგია, რომელიც შეიძლება, მათ გამორჩათ.
T&E-ს მიერ გამოქვეყნებულ ასეთ შედეგებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირმა ავტომწარმოებლებისთვის გამონაბოლქვის ზღვრის შესახებ ახალი კანონები შემოიღო, რომლის მიხედვითაც, ჰიბრიდული მანქანები 2026 წლიდან „მწვანეს“ სტატუსს დაკარგავენ.
2020 წლის პირველ სამ კვარტალში, ევროკავშირის ბაზარზე დატენვად ჰიბრიდებზე მოდიოდა გაყიდული ელექტრიფიცირებული მანქანების თითქმის ნახევარი; ახალი მანქანის შესაძენად, ბევრმა ადამიანმა ისარგებლა მთავრობის მიერ გამოყოფილი სუბსიდირებითა და საგადახადო შეღავათებით. მიუხედავად ამისა, T&E და სხვა მსგავსი ორგანიზაციები ამ სახის ტრანსმისიებისადმი კრიტიკული რჩებიან, რადგან სრულად ელექტრული სისტემებისგან განსხვავებით, შიგაწვის ძრავის გამო, დატენვადი ჰიბრიდები CO2-ს მაინც გამოყოფენ.