Tesla Model 3-ის მფლობელმა შანხაის ავტოშოუ პროტესტის გამოსახატად გამოიყენა. ის კომპანიას ადანაშაულებს, რომ მის მანქანაში გაუმართავი მუხრუჭებია ჩაყენებული.

მანქანის მფლობელი, რომელსაც მაისურზე ჩინურად ეწერა „მუხრუჭებმა კონტროლი დაკარგა“ შანხაის ავტოშოუზე Tesla-ს განყოფილებას ესტუმრა, იქ გამოფენილი Model 3-ის სახურავზე ახტა და დებოში მოაწყო, რომელიც სოციალურ მედიაში აიტაცეს.

ქალს სწრაფად შემოეხვივნენ უსაფრთხოების თანამშრომლები, რომლებმაც ქოლგებით სცადეს მისი მესიჯის დამალვა. თუმცა, ის ამან არ დააბრკოლა, დაცვის თანამშრომლებს ქოლგები გამოსტაცა, გადაყარა და თან ყვიროდა ფრაზას „Tesla-ს მუხრუჭებმა კონტროლი დაკარგა“; საბოლოოდ ის მანქანის სახურავიდან ჩამოიყვანეს და იქაურობას გაარიდეს.

როგორც Tesla-მ გამოცემა Bloomberg-ს განუცხადა, ეს ქალი კარგად არიც ცნობილი იმით, რომ გამუდმებით აპროტესტებს Tesla-ს მუხრუჭების შესაძლო ხარვეზებს. Tesla-ს განყოფილებამდე მისვლამდე, ის შანხაის ავტოშოუს სივრციდან ლაივში იყო ჩართული. ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებით, Tesla ცდილობდა ის დაერწმუნებინა, რომ მანქანის სახურავიდან ჩამოსულიყო, მაგრამ როცა ამან არ გაჭრა, იძულებული გახდნენ დაცვა გამოეძახებინათ.

ქალი აცხადებს, რომ მისი Model 3-ის მუხრუჭები მწყობრიდან გამოვიდა და ავარიის დროს კინაღამ მისი ოჯახის სამი წევრი იმსხვერპლა. თუმცა, როგორც Tesla აცხადებს, მანქანის მონაცემები აჩვენებს, რომ მუხრუჭებისა და მძღოლის დამხმარე სისტემები ინციდენტის დროს გამართულად მუშაობდა და დამუხრუჭების წინ მანქანა 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

Tesla იქვე დასძენს, რომ ის დიდ ყურადღებას აქცევს მომხმარებელთა უფლებებს და წინა მოლაპარაკებების დროს ამ მესაკუთრეს რამდენიმე გამოსავალი შესთავაზეს, თუმცა ის მაინც დაჟინებით ითხოვდა მანქანის დაბრუნებას. ამის შემდეგ, Tesla-მ მას მესამე მხარის მიერ მანქანის შემოწმება შესთავაზა, რაზეც მფლობელმა უარი განაცხადა.