ახალი კანონპროექტი მხოლოდ პრეზიდენტ ბაიდენის ხელმოწერას ელოდება და ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ მილიარდები წავა.
თუმცა, ახალ კანონპროექტში სხვა მნიშვნელოვანი რაღაცაც იმალება. როგორც Washington Post-ი წერს, კანონპროექტი ასევე მოითხოვს სიმთვრალეში მანქანის ტარების შემცირებას მართვის მოწინავე ტექნოლოგიის დახმარებით.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთ სექციაში წერია, „მართვისას ალკოჰოლით გამოწვეული ფატალური შემთხვევები ყოველწლიურად აშშ-ში ყველა ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევის ⅓-ს შეადგენს; 2019 წელს, ავარიაში მონაწილე 10 142 მძღოლის სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია 0,08 ან უფრო მაღალი აღმოჩნდა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტიტუტს მიაჩნია, რომ სიმთვრალისა და დარღვეული მართვის მოწინავე ტექნოლოგიას შეუძლია მოახდინოს წელიწადში 9400 ფატალური შემთხვევის პრევენცია. გამომდინარე აქედან, კანონპროექტში წერია, რომ „სიმთვრალეში და დარღვეული მართვის პრევენციის მოწინავე ტექნოლოგია სტანდარტული აღჭურვილობის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა ახალ სამგზავრო ავტომობილში“.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ სისტემას შეუძლია პასიურად უთვალთვალოს მძღოლის მიერ მართვის შესრულებას, რათა განსაზღვროს, არის თუ არა მასში დარღვევები, ანდაც პასიურად გამოავლინოს არის თუ არა მის სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია ზედმეტად მაღალი. თუ რომელიმე მათგანი დაფიქსირდა, სისტემამ შეიძლება მანქანის მუშაობა შეაჩეროს ან შეზღუდოს.
კანონპროექტის მიხედვით, ეს ტექნოლოგია უახლოეს სამ წელიწადში უნდა მომზადდეს, შემდეგ კი ავტომწარმოებლებს კიდევ სამი წელი მიეცეთ შესასრულებლად. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში ვადები შეიძლება შეიცვალოს.
უსაფრთხოების ეს მომავალი სტანდარტი ავტომწარმოებლებმა შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა გზით დააკმაყოფილონ. ბოლო წლებში უკვე ვიხილეთ ტექნოლოგიები, რომლებსაც მთვრალი მძღოლების გამოვლენა სხვადასხვა გზით შეუძლია, მაგალითად, საჭეში ჩამონტაჟებული კამერებით თვალებზე მონიტორინგით.