გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკუთარი ელექტრომობილის გამოსაშვებად Apple-ი პარტნიორობას გააფორმებს Hyundai-სა და მის შვილობილ კომპანია Kia-სთან. ამავე ცნობის მიხედვით, მანქანის წარმოება ჯორჯიის შტატში, ვესტ-პოინტის ქარხანაში დაიწყება, სადაც ამჟამად Telluride SUV-ი იწარმოება.
Bloomberg-ის ცნობით, Apple-ი Hyundai-ში 3,6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ამ თემის ირგვლივ უკვე მრავალი ჭორი გავრცელდა. Bloomberg-ი ამჯერად სამხრეთკორეულ გამოცემა DongA Ilbo-ს ეყრდნობა, რომელიც თავის მხრივ, საკუთარ წყაროს არ ასახელებს.
თუ ეს ჭორები სიმართლეს შეესაბამება, როგორც ჩანს, Apple-ის მანქანას, იგივე Project Titan-ს 2024 წელს ვიხილავთ. აქვე თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თვითმართვად ტექნოლოგიებში Apple-ის პროგრესის შესახებ არც თუ ისე ბევრი რამ არის ცნობილი, პირველმა მანქანამ დღის სინათლე შეიძლება უფრო გვიან იხილოს. გამოცემა DongA Ilbo-ს ცნობით, პირველივე წელს, პარტნიორობის ფარგლებში 100 000 მანქანას გამოუშვებენ.
თავის მხრივ, ელექტრომობილის საკუთარ პლატფორმა E-GMP-ზე დაუღალავად მუშაობს Hyundai-ც; კომპანიის განცხადებით, 2025 წლამდე ამ პლატფორმაზე 23 ახალი ელექტრომანქანა გამოვა. უცნობია, ამ პლატფორმას დაეფუძნება თუ არა Apple-ის მანქანაც, მაგრამ Hyundai აცხადებს, რომ E-GMP-ზე დაფუძნებული მანქანები ერთი დატენვით 500 კილომეტრს გაივლიან და აღჭურვილი იქნებიან სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით, რომელიც გარბენის სრული მანძილის 80 პროცენტისთვის საჭირო მუხტით მანქანას 18 წუთში დატენის.
ამ დროისათვის, Apple- მედიისთვის ამ საკითხზე მიუწვდომელია, Kia კი კომენტარზე უარს აცხადებს.