Apple Car-ი საავტომობილო ინდუსტრიაში ბოლო დროს დიდი განხილვის საგანია.

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ტექნოლოგიურ გიგანტს მანქანაზე მუშაობის აჩქარება სურს და ფოკუსირებულია პროექტზე, რომელიც სრულად თვითმართვად შესაძლებლობებს გულისხმობს.

პუბლიკაციის ცნობით, პროექტი მოდელისთვის განიხილავს ორ შესაძლებლობას, რომელთაგან ერთს, საჭესა და აჩქარებაზე ფოკუსირებული შეზღუდული თვითმართვადი უნარები აქვს. სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს შედარებით გავრცელებული მახასიათებლები, მაგალითად, ადაპტური კრუიზ-კონტროლი და ზოლის დაცენტრების სისტემა.

თუმცა, Apple ასეე განიხილავს სრულად თვითმართვადი უნარის მქონე ვერსიას, რომელიც სრულებით არ მოითხოვს ადამიანის ჩარევას. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მას უნდა ჰქონდეს მე-4 დონის სისტემა, რომელიც გარკვეულ პირობებში ავტონომიურად იმართება; ანდაც მე-5 დონის სისტემა, რომელსაც სრულიად ავტონომიურად მუშაობა შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამბობენ, კომპანია ორივე შესაძლებლობას განიხილავს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple ახლა მეორე ვარიანტზეა კონცენტრირებული. ლოგიკურიც არის, რადგან ნახევრად ავტონომიური მანქანა ბაზარზე დიდ სიახლეს არ წარმოადგენს.

გამოცემის ცნობით, Apple მანქანის გამოშვებას უახლოეს ოთხ წელიწადში გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოდელს სულ მცირე 2025 წლისთვის უნდა ველოდოთ. ეს საკმაოდ ამბიციური სამიზნეა და უცნობი რჩება, შეძლებს თუ არა კომპანია ამ მიზნის მიღწევას, რადგან როგორც ამბობენ, ინჟინრები ვარაუდობდნენ, რომ მანქანის გამოშვება 2026, 2027 ან 2028 წელს იქნებოდა შესაძლებელი.

როგორც Bloomberg-ი წერს, თუ სრულად ავტონომიური ტექნოლოგია დროში ვერ მოესწრო, კომპანიამ შეიძლება ნაკლებად მოწინავე, ნახევრად ავტონომიური მართვის სისტემის მქონე ავტომობილი გამოუშვას.

სავარაუდოა, რომ განახლებული ტექნოლოგია შეიძლება ამ კომპანიის 69 Lexus-ისგან შემდგარ ფლოტში ვიხილოთ, რომლებიც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში Apple-ს მართვის ტექნოლოგიის დახვეწაში ეხმარებოდნენ.