კომპანია Arctic Trucks-ის რუსეთის ქვედანაყოფმა Isuzu MU-X-ის ახალი ტუნინგ-პაკეტი წარმოადგინა. ტუნინგ კომპანია სხვადასხვა ბაზარზე უკვე გვთავაზობს პიკაპ Isuzu D-Max AT35-ს და შესაბამისად, ამჯერად მისი SUV-ვარიანტის ჯერიც დადგა.

Isuzu MU-X-ი 2020 წელს გამოვიდა, რათა კონკურენცია გაეწია Ford Everest-ის, Mitsubishi Pajero Sport-ისა და Toyota Fortuner-ისთვის. შესაბამისად, ის ისედაც მძლავრი SUV-ია, მაგრამ ოფროუდინგით სერიოზულად გატაცებულთათვის, Arctic Trucks-ის მიერ ჩატარებული მოდიფიცირება გაცილებით მისაღები იქნება.

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ცვლილებაა 35-ინჩიანი (315/70 R17) საბურავები, რომლებმაც MU-X-ი სრულ მზადყოფნაში მოიყვანა ველურ ბუნებაში მოგზაურობისთვის. განიერი საბურავების დასაყენებლად, MU-X-მა მიიღო გაფართოებული წინა და უკანა ფრთები, რომლებიც კარგად ჯდება დანარჩენი ძარის სტილში. სხვა ვიზუალურ ცვლილებებს შორის არის ძარის ფერის შნორკელი, საშხეფრები, მოცურების ფირფიტა და ელექტრო ჯალამბარი, რომელსაც 5,6 ტონის აწევა შეუძლია.

ახალი საბურავებისა და მაღალი გამავლობის საკიდრის კომბინაციამ კლირენსი (მანძილი გზის ზედაპირსა და მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველაზე დაბლა განლაგებულ ნაწილს შორის) სტანდარტული 235 მილიმეტრიდან 278 მილიმეტრამდე გაზარდა, რაც ოფროუდ მართვის გამოცდილებას უფრო შთამბეჭდავს ხდის.

მანქანა აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოდიზელით, რომელიც 187 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, როგორც საბაზრო MU-X-ში. ექვს-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ენერგიას ოთხივე თვალს აწვდის; მექანიკა ხელმისაწვდომია მხოლოდ პატარა, 1.9-ლიტირიან ტურბოდიზელთან კომბინაციაში.