Porsche Taycan-ის ძმობილ მოდელს Audi E-Tron GT-ი ჰქვია და როგორც ავტომწარმოებელი გვატყობინებს, მისი წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება.

წარმოება გერმანიის ქალაქ ნეკარზულმის ქარხანაში მოხდება, იქ, სადაც სუპერმანქანა R8-ც იწყობა; მანამდე კი, კომპანია Tesla Model S-ის კონკურენტის მრავალფეროვან ფოტოგალერეას აქვეყნებს, რომელშიც მანქანა მრავალი კუთხიდან ჩანს.

E-Tron GT 2018 წელს კონცეპტუალური მანქანის სახით ვიხილეთ; მას შემდეგ მისი დიზაინი შერბილდა, მაგრამ არც ისე ძალიან. უახლეს ფოტოებზე ჩანს Audi-ს დიდი ცხაურა აქეთ-იქით წვრილი ფარებით, ჰაერმიმღებებითა და სამი ჰორიზონტალური დაფით. აგრესიული ხაზები კაპოტზე და გვერდებზე ავტომობილს უფრო ცოცხალ იერს აძლევს და ამავე დროს ხაზს უსვამს მის სპორტულ ხასიათსა და დამრეც სახურავს. კონცეპტთან შედარებით ოდნავ არის შეცვლილი განათების უკანა ზონარი, ბამპერი და დიფუზორი.

ელექტრომობილის ძალური მახასიათებლების შესახებ Audi ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, საწყის კონფიგურაციაში უნდა ველოდოთ ორმაგ ელექტროძრავს, 96 კვტ/სთ ბატარეებით. ერთი დამუხტვით მანქანა 400 კილომეტრს დაფარავს; სავარაუდოდ, ექნება 582 ცხენის ძალა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ადასტურებს იმასაც, რომ ჩვეულებრივ ვარიანტთან ერთად გამოვა E-Tron GT RS-იც, რომელიც დიაპაზონის მოწინავე მოდელი იქნება.