Audi-მ Skysphere Concept-ი წარმოადგინა, პირველი იმ სამი კონცეპტის სერიიდან, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნიან მომავლის საწარმოო მანქანების შესახებ.

Skysphere შთამბეჭდავი შესახედაობის ორადგილიანი ელექტრო როდსტერია; ღილაკზე თითის ერთი დაჭერით გასაშლელი თვლების ბაზა ავტონომიურ და კომფორტულ გრანდ ტურერს შესაძლებლობებზე ორიენტირებულ მდიდრულ სპორტულ მანქანად გადაქცევის საშუალებას აძლევს.

კონცეპტი მალიბუში, Audi-ს დიზაინის სტუდიაში შექმნა გაელ ბაზინმა და მისმა ჯგუფმა. ზომები, ხასიათი და უკან გასახსნელი კარები შთაგონებულია 1930-იანი წლების Horch 853 როდსტერით; ზოგადი დიზაინი ფუტურისტულია, აქვს ელემენტები, რომლებიც მომავალ საწარმოო მანქანებშიც იქნება გამოყენებული.

ერთჩარჩოიანი ცხაურა კაპოტის კიდიდან იწყება და წარმოადგენს წინ წამოწეულ, განათებულ და მთლიანად დაფარულ პანელს; ზედ დატანებული მრავალი LED ნათურა განათების უნიკალურ თანმიმდევრობებს ქმნის. პროფილი მძიმედ არის გამოკვეთილი მძლავრი ფრთებით. დახრილი საქარე მინისა და თავის მისადებებს უკან არსებული დამცავი თაღებით შესაძლებელი გახდა პატარა ღია სივრცის გამოყენება, რომელიც ქსოვილის გადასახსნელი ზედით იფარება.

კონცეპტის ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი ნამდვილად არის გასაშლელი თვლების ბაზა, რომელიც 250 მილიმეტრამდე იზრდება, დაახლოებით A8 L-ს ზომამდე. თვლებს შორის მანძილის შეცვლა გავლენას ახდენს არა მხოლოდ პროპორციებზე, არამედ მართვის ხასიათზეც.

შედეგად, Skysphere სპორტულ რეჟიმში სიგრძეში 4,94 მეტრია, GT რეჟიმში კი 5,19 მეტრი.

კონცეპტი აღჭურვილია უკანა ღერძზე დამონტაჟებული ერთი ელექტროძრავით, რომელიც 624 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ენერგია უკანა თვლებს მიეწოდება. 0-100 კმ/სთ სიჩქარეს მანქანა 4 წამში ავითარებს.

ბატარეის მოცულობა სულ მცირე 80 კვტ/სთ-ია და ის სალონის უკანა ნაწილშია განთავსებული. სავარძლებს შორის ხვრელში შესაძლებელია დამატებითი ბატარეების ჩაყენებაც, რის შედეგადაც, ერთი დამუხტვით მანქანა 500 კმ-ს გაივლის. კონცეპტის წონა 1800 კგ-ია.

Skysphere იყენებს Audi-ს უახლეს სამკამერიან ადაპტურ საკიდარს.

როგორც თვითმართვადი ფუნქციებისა და გასაშლელი თვლების ბაზის მქონე კონცეპტუალური მანქანისგან უნდა ელოდე, Skysphere-ის ინტერიერს ორი სხვადასხვა კონფიგურაცია აქვს. გრძელი თვლების ბაზით, GT რეჟიმში, არ არის საჭე და პედლები, მთლიან პანელს 1,415-მილიმეტრიანი საინფორმაციო ეკრანი ფარავს. მგზავრებს აქვთ ინტერნეტი. ვერ ნახავთ ფიზიკურ ღილაკებს, ეკრანი მთლიანად სენსორულია; პრემიუმ აუდიოსისტემის სპიკერები დამალულია.

მოკლე თვლების ბაზით, სპორტულ რეჟიმში ჩნდება საჭე და პედლები, პანელის ნაწილი მძღოლისკენ მოემართება ცენტრალურ კონსოლთან ერთად და წარმოქმნის ხელსაწყოთა პანელს. ინტერიერის დიზაინი არტ დეკოთია შთაგონებული.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე უცნობია, ჰპოვებს თუ არა ეს ყველაფერი მომავალში ასახვას საწარმოო მოდელში. ამ კითხვაზე პასუხისას, Audi-ს პრესსპიკერი აცხადებს, რომ „არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ის მხოლოდ კონცეპტია, რომელიც მანქანის ორი სხვადასხვა ხასიათის ვიზუალიზაციას ახდენს“.

მიუხედავად ამისა, Audi აცხადებს, რომ Skysphere მხოლოდ დიზაინის კვლევა კი არაა, არამედ არის კონცეპტუალური მანქანა, რომელიც გვიჩვენებს, რა არის შესაძლებელი.

მეოთხე დონის თვითმართვადი სისტემა მძღოლს გარკვეულ სიტუაციებში მგზავრად გადაქცევის საშუალებას მისცემს. საწარმოო მანქანებში ამ ტექნოლოგიას 2020-იანი წლების მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ. Skysphere-ის შემდეგ, Audi კიდევ ორი კონცეპტუალური მანქანის გამოშვებას გეგმავს. 2021 წლის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ Grandsphere ლიმუზინს, 2022 წლის ბოლოს კი ჰეტჩბეკ Urbansphere-ს.