დაბადებიდან 10 წლის შემდეგ, Lamborghini Aventador-ის აღსასრულის დრო დადგა. Aventador LP780-4 Ultimae სუპერქარის ბოლო ვერსია იქნება, რომლის შემდეგაც, მას ახალი ფლაგმანი ჩაანაცვლებს. Ultimae მხოლოდ 600 ეგზემპლარად გამოვა — 350 კუპე და 250 როდსტერი.

ვინაიდან ეს მანქანა ტრადიციული V12 შიგაწვის ძრავის გრანდ-ფინალი იქნება, Lamborghini-მ Ultimae ყოველმხრივ მართლაც უკანასკნელ Aventador-ად აქცია. ამისათვის, Aventador S-ის უფრო თავშეკავებული სტილის ელემენტები გააერთიანეს SVJ-ის უმძლავრეს შესაძლებლობებთან, რითაც საბოლოოდ, Lamborghini-ს ყოველმხრივ სუპერქარი მივიღეთ.

Aventador Ultimae აღჭურვილია 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელსაც წუთში 8700 ბრუნი აქვს და 770 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ მაჩვენებლით ის 39 ცხენის ძალით აღემატება S-ს და 10 ცხენის ძალით SVJ-ს. მოდელი 25 კგ-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე S-ი და აქვს იგივე ძალა-წონის პროპორცია, რაც SVJ-ს.

შვიდსიჩქარიანი ერთმაგი გადაბმულობის ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფი ენერგიას ოთხივე თვალს უგზავნის. სიჩქარეების შეცვლას სულ რაღაც 50 მილიწამი სჭირდება. შედეგად, 0-100 კმ/სთ სიჩქარეს მანქანა 2,8 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 355 კმ/სთ-ია. როდსტერ ვერსიის შემთხვევაში, სიჩქარის მაქსიმუმი იგივეა, 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარება კი წამის ერთი მეათედით ნაკლებ დროში ხდება.

კუპესა და როდსტერს შორის კიდევ ერთი სხვაობა იქნება წონა. პირველის შემთხვევაში ეს 1550 კგ-ია, მეორის კი 1600 კგ. Ultimae-ს ორივე ვარიანტი აღჭურვილია მაგნიტური სარქველენის მქონე საკიდრით, უკანა თვლების საჭით მართვის მექანიზმით, ნახშირბად-კერამიკის მუხრუჭებით.

მიუხედავად იმისა, რომ მანქანას SVJ-ის სიმძლავრე აქვს, Lamborghini-მ გადაწყვიტა, მის სტილზე არ წასულიყო. ვერ ნახავთ გიჟურ ფრთებს, მილებს, ჟალუზისებრი ცხაურებს, მაგრამ ვინაიდან ის Lamborghini-ა და თანაც Aventador-ი, ნამდვილად არ არის მოსაწყენი.

ახალ წინა ბამპერს Aventador S-ის მსგავსი „კბილები“ აქვს, მაგრამ თითქმის SVJ-ის მსგავსია აეროდინამიკური ეფექტიანობა და გაგრილება. უკან ჩანს აქტიური ფრთა სამი პოზიციით — მაქსიმალური წარმადობა, მაქსიმალური ექსპლუატაცია და დახურული. ჰაერის ნაკადის ოპტიმიზებისა და მუხრუჭების გაციების დასახმარებლად, ფრთა მანქანის ქვეშ მოთავსებული გენერატორებით მუშაობს.

სალონში ნახავთ Aventador S-ის კომფორტულ სავარძლებს. TFT ციფრული ხელსაწყოთა პანელი სრულად რეგულირებადია; შეუძლია აჩვენოს მართვის რეჟიმები და მანქანის კავშირის სისტემები. ხმით გასააქტიურებელი კომუნიკაციები და გასართობი სისტემა Apple CarPlay-თი იმართება.