Bentley მალე სრულად ელექტრო ბრენდი გახდება, მაგრამ კომპანია ჯერ მაინც ვერ ამბობს უარს შიგაწვის ძრავებზე. რამდენიმე დღის წინ ეს კიდევ ერთხელ გახდა აშკარა, როდესაც კომპანიამ საკუთარ ისტორიაში ყველაზე მძლავრი მანქანა წარმოადგინა.
მოდელის სახელია Bentley Mulliner Batur-ი და წარმოადგენს გრან-ტურიზმო კუპეს, რომელიც აღჭურვილია კომპანიის ორმაგი ტურბო 6.0-ლიტრიანი W12 ძრავის განახლებული ვერსიით. ინჟინრებმა ის ახალი ტურბოკომპრესორებით, შუალედური გამაგრილებლებით და რეკალიბრაციით აღჭურვა. ეს არ იკმარეს და ძრავას ტიტანის გამოსაბოლქვი სისტემა დაუყენეს.
ამ ცვლილებათა წყალობით, ძრავა 730-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს მაჩვენებელი სულ მცირე 80 ცხენის ძალით მეტია, ვიდრე Continental GT Speed-ის შემთხვევაში, რომელიც 0-96 კმ/სთ სიჩქარეს 3,5 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ აქვს.
Batur-ის პერფორმანსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას Bentley ჯერ არ აქვეყნებს, მაგრამ ცნობილია, რომ ძრავა დაკავშირებულია რვა-სიჩქარიან, ორმაგი გადაბმულობის მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან. მოდელს ასევე აქვს საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით, ბრუნვის ვექტორირება და ელექტრონულად შეზღუდული დიფერენციალი.
პერფორმანსის სხვა მახასიათებლებს შორის არის ადაპტური პნევმატური საკიდარი და ელექტრონულად გააქტიურებადი მოცურების საწინააღმდეგო კონტროლის სისტემა. მოდელი ასევე აღჭურვილია ნახშირბად-სილიციუმ-კარბიდის (CSiC) სამუხრუჭე სისტემით, რომელსაც აქვს ათი სუპორტი; 17,3-ინჩიანი დისკებით წინ და 16,1-ინჩიანი დისკებით უკან.
ავტომწარმოებელი ბევრ დეტალს ჯერ არ ამხელს, მაგრამ გვეუბნება, რომ მანქანა აღჭურვილია განახლებული ცხაურით, რომელიც უფრო დაბალია და უფრო ზემოთ მიმართული.
მოდელი სულ რაღაც 18 ეგზემპლარად გამოვა და ყველა მათგანი უკვე გაყიდულია, მიუხედავად იმისა, რომ ფასი 1,95 მილიონი აშშ დოლარიდან იწყება.