მიუნხენში, IAA Mobility Show-ზე, საბოლოო ფორმაში წარმოადგინეს Microlino 2.0, ქალაქის ელექტრომანქანა, რომლის დიზაინის შთაგონებაც BMW Isetta გახდა. წარმოების დაწყება 2021 წლის ბოლოს ბოლოს იგეგმება. მოდელი სამ ვერსიად გამოვა — Urban, Dolce და Competizione და ხელმისაწვდომი იქნება სამნაირი ბატარეით.
შვეიცარიულმა კომპანია Micro-მ Microlino პირველად 2016 წელს წარმოადგინა და ბაზარზე გატანას 2018 წელს გეგმავდა. გადავადების შემდეგ, ძლიერ შეცვლილი Microlino 2.0 კვლავ გამოჩნდა 2020 წელს, ახალი ძარით.
საწარმოოდ გამზადებული Microlino 2.0-ს დიზაინი ადრეული პროტოტიპების ყველა მახასიათებელს ინარჩუნებს. მანქანა საოცრად გამოიყურება, იყენებს Isetta-ს წარმატების „რეცეპტს“, რასაც დამატებული აქვს LED ზონარები, გვერდით სარკეებზე დაყენებული მრგვალი ფარები და კომპაქტური ძარის ულამაზესი მოპირკეთება. წინ ჩაყენებულ კარს არ აქვს სახელური და ის ღილაკზე დაჭერით იღება, აქვს სათუთად დახურვის მექანიზმიც.
სალონში ორი ადამიანის ადგილია, ბარგისთვის კი 230 ლიტრი სივრცე. მინიმალისტურ პანელზე ნახავთ მაჩვენებელთა ციფრულ დაფას და ცენტრში დამატებით სენსორულ ეკრანს მანქანის ძირითადი ფუნქციების საკონტროლებლად. ასევე არის ალუმინის ბარი კარის დაკეტვის შემთხვევაში მასზე ხელის ჩამოსადებად.
მანქანის ელექტრო ძალური აგრეგატი 17 ცხენის ძალას და 117 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს, მაქსიმალური ენერგია კი 25 ცხენის ძალაა. დაბალი მასის გამო (ბატარეების გარეშე 435 კგ), 0-50 კმ/სთ სიჩქარეს მანქანა 5 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 90 კმ/სთ-ია.
მოდელი სხვადასხვა მოცულობის ბატარეებით არის ხელმისაწვდომი: 6 კვტ/სთ, 10,5 კვტ/სთ და 14 კვტ/სთ. შესაბამისად, ერთი დატენვით ფარავს 95 კმ-ს, 175 კმ-ს და 230 კმ-ს. ლითიუმ-იონური ბატარეა 0-დან 80 პროცენტამდე 4 საათში (6 კვტ/სთ და 14 კვტ/სთ) ან 3 საათში (10,5 კვტ/სთ) იტენება.
მანქანის საწყისი ფასი 14,824 დოლარი იქნება. კომპანიის განცხადებით, წარმოება იტალიის ქალაქ ტურინის ქარხანაში წელსვე დაიწყება. თავდაპირველად, წელიწადში დაახლოებით 7500 მანქანა გამოვა, მომავალში კი შესაძლოა უფრო მეტიც.
კომპანია Micro-მ უკვე მიიღო 24 000 შეკვეთა, ანუ, მოთხოვნა უკვე დიდია. პირველად შეკვეთებს შვეიცარიაში მიიღებენ, შემდეგ გერმანიაში, ევროპის სხვა ქვეყნებში კი წლის ბოლოსკენ.
Microlino 2.0-ის გარდა, კომპანიამ ორი სხვა სატრანსპორტო საშუალებაც წარმოადგინა. სამთვლიანი ელექტრო მოტოციკლი Microletta, რომელსაც მოსახსნელი ბატარეა აქვს 5 812 დოლარი ეღირება. სამთვლიანი სკუტერი კი, რომელიც ერთი დატენვით 60 კმ-ს გაივლის და სამივე თვალს საკიდარი აქვს, ბაზარზე 2022 წელს გავა.