ნახევარგამტარების (ჩიპების) დეფიციტის გამო, BMW-ს ძალიან ბევრი მოდელი ამჟამად სენსორული ეკრანების გარეშე იწარმოება.

ფორუმ Bimmerfest-ზე ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ სენსორული ეკრანების გარეშე მანქანების წარმოება BMW-მ წინა კვირაში დაიწყო. ასეთ მოდელებს შორის არის 3-Series, 4-Series Coupe და Convertible, 4-Series Gran Coupe, Z4 და ამჟამინდელი X5-ის, X6-ის და X7-ის ყველა მოდელი.

სენსორული ეკრანის გარეშე გამოშვებულ მოდელებს ექნებათ კოდი 6UY ფანჯრის სტიკერზე და ისინი 500-დოლარიან კრედიტსაც მიიღებენ.

სენსორული ეკრანების არქონა იმას ნიშნავს, რომ საინფორმაციო სისტემა მხოლოდ iDrive Controller-ითა და ხმის კონტროლით იმუშავებს. პარკირების დამხმარე სისტემის მქონე მოდელები ასევე დაკარგავენ Backup Assistant-ს. შენარჩუნდება საინფორმაციო სისტემის ყველა სხვა ფუნქცია, მათ შორის Apple CarPlay და Android Auto.

გამოცემა Edmunds-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში ავტომწარმოებელი ამ ამბავს ადასტურებს.

„ასეთი ზომის მიღების მიზეზია მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემა მთელ ინდუსტრიაში, რომელიც მთელ მსოფლიოში აზარალებს ავტომწარმოებლებს და იწვევს ზოგიერთი ფუნქციის შეზღუდვას“, — წერს BMW.

ამ ყველაფერმა შეიძლება შემდეგში შეამციროს მეორადი მანქანების ფასიც.