მიუნხენის მოტორშოუზე BMW-მ კომპანიის მეხუთე თაობის ელექტრული მართვის ტექნოლოგია წარმოადგინა, რასაც პროტოტიპი მოდელიც მოაყოლა.

iX5 Hydrogen-ი წარსულშიც ვიხილეთ BMW i Hydrogen NEXT კონცეპტის სახით. ეს გახლავთ ეკომეგობრული ქროსოვერი, რომელიც მომავალი წლიდან სატესტო და სადემონსტრაციო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

iX5 Hydrogen ერთი შეხედვითვე ამოცნობადია და სტანდარტული მოდელის კვალს მიუყვება, მაგრამ აქვს უნიკალური წინა ნაწილი BMW i Blue აქცენტებით, გამორჩეული ცხაურითა და 3D პრინტერზე დაბეჭდილი კომპონენტებით. მოდელს ასევე აქვს უნიკალური უკანა ბამპერი და დიფუზორი; იქვეა წარწერა hydrogen fuel cell. აღჭურვილია 22-ინჩიანი აეროდინამიკური დისკებით, რომლებსაც ბუნებრივი რეზინისა და ხელოვნური აბრეშუმისგან დამზადებული საბურავები ამშვენებს.

სალონის შესახებ BMW ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ ის დიდწილად სტანდარტული მოდელისგან არის გადმოღებული. თუმცა, მაინც ჩანს რამდენიმე სპეციალური გადაწყვეტა, მათ შორის ლურჯი აქცენტები და წარწერა hydrogen fuel cell.

კაპოტს მიღმა განთავსებულია სათბობი ელემენტის ძალური აგრეგატი, რომელიც ორი 700-ბარიანი, ნახშირბადის ბოჭკოსა და პლასტიკის ნაზავისგან დამზადებული ავზით იკვებება. მათში დაახლოებით 6 კგ წყალბადი ეტევა და 3-4 წუთში ივსება.

BMW ბევრ დეტალს არ ამხელს, მაგრამ ადასტურებს, რომ iX5 Hydrogen-ს აქვს მეხუთე თაობის ელექტრო ძრავა, ისეთი, როგორითაც ასევე აღჭურვილია iX. ის 369 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მიუხედავად იმისა, რომ iX5 Hydrogen-ი ტექნიკურად მხოლოდ პროტოტიპია, BMW აღნიშნავს, რომ მომავალში, სერიულ წარმოებაში მართლაც შეიძლება ჩაუშვას წყალბადის სათბობ ელემენტზე მომუშავე მოდელები. თუმცა, კომპანია იმასაც აცნობიერებს, რომ სრული პოტენციალის მისაღწევად, საჭიროა წყალბადის საწვავით შევსების ინფრასტრუქტურის გამართვა.

ამ ეტაპზე, BMW გეგმავს, რომ მომავალ წელს, iX5 Hydrogen-ი მხოლოდ მცირე ოდენობით გამოუშვას.