BMW-ს სახელგანთქმული, თირკმლების ფორმის ცხაურების ზომის ზრდის შესახებ დებატები სულ უფრო მწვავდება; ამასობაში კი გერმანული ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ ამ საკამათო დიზაინზე უარის თქმას არ აპირებს.

BMW-ს დიზაინის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი ადრიან ვან ჰუიდონკი და ჯგუფის ხელმძღვანელი დომანოგოჯ დუკეცი უახლეს ინტერვიუში აქტიურად იცავენ კომპანიის თირკმლების ფორმის ცხაურებს და აცხადებენ, რომ ისინი გამორჩეულია.

„თუ რაღაც გამორჩეულის შექმნა გსურს, ის სხვებისგან უნდა განსხვავდებოდეს და თვალშისაცემი იყოს. თუ გსურს, გარკვეულ მომხმარებლამდე მიაღწიო, გამორჩეული უნდა იყო. ჩვენი მიზანი სულაც არ არის, მსოფლიოში ყველას მოვწონდეთ, ჩვენი მიზანია, ვასიამოვნოთ ჩვენს მომხმარებლებს. ყველაფერი სწორედ მომხმარებელზეა დამოკიდებული“, — ამბობს დუკეცი.

გამოცემა Autocar-ის ცნობით, 2020 წელს გაყიდვების მოულოდნელ, 3,2-პროცენტიან ზრდას BMW იმის მტკიცებულებად ასახელებს, რომ საკამათო დიზაინს მისი მომხმარებლების რაოდენობა არ შეუმცირებია.

BMW-ს სპორტულ მოდელებს, მაგალითად ახალ M3-სა და M4-ს ვერტიკალური, თირკმლისებრი ცხაურები ექნებათ, ელექტრო მოდელებს კი iX-ის მსგავსი ყალბი ცხაურები, რომლებზეც განთავსებულია სხვადასხვა აღჭურვილობა, მაგალითად, ავტონომიური მართვის სენსორები. მომავალ სედან მოდელებს „ვიწრო“ ცხაურები ექნებათ, რადგან BMW გეგმავს, რომ საკუთარი მოდელები ერთმანეთისგან კიდევ უფრო განსხვავდებოდეს.